ბიზნესი
29/09/2021

Gtex-მა რამდენიმე ახალი ბრენდის შემოყვანა გადადო

ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ავეჯის ცნობილი ბრენდების OVS, Terranova, Penti, English Home, Enza Home, Mattalan-ის შემომყვანი კომპანია Gtex Group-მა პანდემიის გამო რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა გადადო.

ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ბასილაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ განიხილებოდა ტანსაცმელების და ფეხსაცმელების ფრანგული, იტალიური და თურქული კომპანიების შემოსვლა.

„ქვეყანაში არასტაბილურობაა, გაზრდილია რისკები, რომელიც დაკავშირებულია როგორც პანდემიასა და  ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელთან, ასევე არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოსთან, შესაბამისად, თავს ვიკავებთ ინვესტიციების განხორციელებისგან. დაველოდებით იმედისმომცემ სიტუაციას,“ - აცხადებს ბასილაძე.

მისი ინფორმაცით, პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის, მომხმარებლის ქცევა.

„მომხმარებლის ქცევა შეცვლილია, დაინფიცირების საშიშროების გამო, ბევრს აღარ დადის, კონკრეტული ნივთის შესაძენად მიდის. აქტივობა შემცირებულია, თუმცა კონვერსიის კოეფიციენტი გაზრდილია,“ - აცხადებს ბასილაძე.

მისივე განმარტებით, ის მომხმარებელი, რომელიც შედარებით ბიუჯეტური პროდუქციის მომხმარებელი იყო,  კიდევ უფრო ბიუჯეტურით ინტერესდება, თუმცა საკმაოდ გაზრდილია მაღალფასიანი სეგმენტის მომხმარებელის რაოდენობა.

„ეს ის მომხმარებლებია, რომლებიც, საზღვარგარეთ დადიოდნენ, იქ ყიდულობდნენ პროდუქციას, ახლა ვეღარ დადიან და იძულებულები არიან სასურველი პროდუქცია აქ შეიძინონ,“ - აცხადებს ბასილაძე.

კომპანია  Gtex-ი საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. პირველი ბრენდი, რომელიც კომპანიამ საქართველოში შემოიტანა Collezione იყო. ამჟამად,  Gtex-ი წარმოდგენილია ბრენდებით: OVS, Terranova, Penti, English Home, Enza Home, Mattalan-ი.