ბიზნესი
27/09/2021

Gtex Group: მაღაზიებში მომხმარებელი "ტყუილად" აღარ დადის

ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ავეჯის ცნობილი ბრენდების OVS, Terranova, Penti, English Home, Enza Home, Mattalan-ის შემომყვანი კომპანია Gtex Group-ის ხელმძღვანელი გიორგი ბასილაძე პანდემიის შედეგად მომხმარებლის შეცვლილ ქცევაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.

მისი ინფორმაცით, გაიზარდა ქვითარზე თანხის მოცულობა, თუმცა რაოდენობა შემცირებულია, ასევე გაზრდილია კონვერსიის მაჩვენებელი (შემოსული მომხმარებელის და რეალიზებულ ქვითარს შორის პროცენტულობა), რაც იმას ნიშნავს, რომ  მაღაზიებში მომხმარებელი „ტყუილად“ აღარ დადის.

„მომხმარებლის ქცევა შეცვლილია, დაინფიცირების საშიშროების გამო, ბევრს აღარ დადის, კონკრეტული ნივთის შესაძენად მიდის. აქტივობა შემცირებულია, თუმცა კონვერსიის კოეფიციენტი გაზრდილია,“ - აცხადებს ბასილაძე.

მისივე განმარტებით, ის მომხმარებელი, რომელიც შედარებით ბიუჯეტური პროდუქციის მომხმარებელი იყო,  კიდევ უფრო ბიუჯეტურით ინტერესდება, თუმცა საკმაოდ გაზრდილია მაღალფასიანი სეგმენტის მომხმარებელის რაოდენობა.

„ეს ის მომხმარებლებია, რომლებიც, საზღვარგარეთ დადიოდნენ, იქ ყიდულობდნენ პროდუქციას, ახლა ვეღარ დადიან და იძულებულები არიან აქ შეიძინონ,“ - აცხადებს ბასილაძე.

შეგახსენებთ, კომპანია  Gtex-ი საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. პირველი ბრენდი, რომელიც კომპანიამ საქართველოში შემოიტანა collezione იყო. ამჟამად,  Gtex-ი წარმოდგენილია ბრენდებით: Ovs, terranova, penti, Englich Home, Enza Home, Mattalan-ი.