ბიზნესი
23/02/2022

Gtex Group-ი აპრილში ორი საერთაშორისო ბრენდის შემოყვანას გეგმავს

ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ავეჯის ცნობილი ბრენდების შემომყვანი კომპანია Gtex Group-ი აპრილში  ორ საერთაშორისო ბრენდის შემოყვანას გეგმავს.

როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი  გიორგი ბასილაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ბოლო რამდენიმე თვეა განიხილება ტანსაცმელების და ფეხსაცმელების ევროპული კომპანიების შემოსვლა, თუმცა, პროცესი პანდემიის გამო გაჭიანურდა.

„ვმუშაობთ ინტენსიურად, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დავაკვირდებით სიტუაციას, ასეთი სიტუაცია თუ დარჩა, განვითარებაზე არ ვიფიქრებთ,“ - აცხადებს ბასილაძე.

რაც შეეხება გაყიდვებს, ბასილაძე განმარტავს, რომ რეალიზაციის მაჩვენებელი 2020-2021 წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა, სიტუაცია ისევ მძიმე რჩება.

„ომიკრონის გავრცელების გამო, ფიზიკურად, ადამიანების აქტივობა შემცირებულია, როგორც სავაჭრო მოლებში, ასევე მაღაზიებში. ოფისები ნახევრად თავისუფალია, მათ შორის, ჩვენი კომპანიაც ცვლებით მუშაობს. ამას ემატება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება. ახლა ველოდებით სიტუაციის გამოსწორებას, აპრილის დასაწყისიდან დადებით ტენდენციებს ველოდებით“, - აცხადებს ბასილაძე.

კომპანია  Gtex-ი საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. პირველი ბრენდი, რომელიც კომპანიამ საქართველოში შემოიყვანა Collezione იყო. ამჟამად,  Gtex-ი წარმოდგენილია ბრენდებით: OVS, Terranova, Penti, English Home, Enza Home, Mattalan-ი. კომპანიას საქართველოს მასშტაბით  27 ობიექტი აქვს.