ბიზნესი
30/12/2020

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია: 2021 წელი სადაზღვევო სექტორისთვის 2020-ზე რთული იქნება

„2021 წელი სადაზღვევო სექტორისთვის 2020-ზე რთული იქნება,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა განუცხადა. ნინო კობახიძის განმარტებით, წელს ინდუსტრია ინერციით აგრძელებდა განვითარებას.

„შეიძლება ითქვას, რომ წელს პროცესები მაინც ინერციით ვითარდებოდა. ასე თუ ისე, მოვახერხეთ და შევინაჩუნეთ კორპორაციული კლიენტები. მომავალ წელს თუ რაიმე განსაკუთრებული ჩარევა არ მოხდა და ახალი სახეობის პროდუქტი არ შემოვიდა ბაზარზე, ველოდები უკუსვლას. არსებული მომხმარებლების კრიზისის ფონზე, 2020 წელი იყო ნამდვილად რთული. ტურიზმის და მასთან დაკავშირებული კომპანიების გაჩერებამ ჩვენს სექტორზე პირდაპირი გავლენა იქონია. ამასთან, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომლის ამოქმედება ინდუსტრიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, გადაიდო გაურკვეველი ვადით. ერთადერთი სექტორული მხარდაჭერა რაც მივიღეთ, კაპიტალის გაზრდის მოთხოვნის გადავადება იყო,“ - განმარტა ნინო კობახიძემ.

მისივე თქმით, სადაზღვევო სექტორმა ეფექტურად განახორციელა ბინაზე დარჩენილი კოვიდ დადასტურებული პაციენტების მართვა.

„გამოჩნდა, რომ სადაზღვევო ინდუსტრიამ ნახევარი მილიონი ადამიანი მშვენივრად მართა. ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მცირე ლეტალობა გვაქვს. მართვა ბინაზე დარჩენილების იყო ნამდვილად ეფექტური,“ - აღნიშნა „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა.

მისივე განცხადებით, სადაზღვევო ინდუსტრია მორიგი გამოწვევის წინაშე ბაზარზე დემპინგურმა ფასებმა დააყენა.

„ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია დემპინგური ფასებით ცდილობს ბაზარზე ოპერირებას. ეს განსაკუთრებით მათი სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას შეინიშნება. ქეშფლოუს შენარჩუნების და გადარჩენის მიზნით დემპინგური ფასებით ოპერირებენ, რაც ვფიქრობ, საბოლოო ჯამში გააფუჭებს სერვისს,“ - აღნიშნა ნინო კობახიძემ.

Businesspartner