"გლენბერის" დამფუძნებელი მთავრობას დახმარებას სთხოვს
გაყინული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორი კომპანია „გლენბერის“ დამფუძნებელი რაფაელ მაღალაშვილი მთავრობას დახმარებას სთხოვს.
როგორც ბიზნესმენი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ბოლო პერიოდში გაზრდილია საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის ღირებულება, რაც ზრდის პროდუქციის თვითღირებულებას იმ დონემდე, რომ დამკვეთს აღარ უღირს საქართველოდან პროდუქციის შესყიდვა.
„ამერიკაში 1 კონტეინერის გადატვირთვა თუ ღირდა 4 400 დოლარი, ახლა მისი ფასი 12 500 დოლარამდეა, ამის გამო დიდ პრობლემებში ვარ. შეკვეთა მაქვს ავსტრალიიდანაც, სადაც 1 კონტეინერის გადატვირთვის ღირებულება 5-6 000 დოლარიდან 15 500 დოლარამდეა გაზრდილი. ეს ტვირთი აქედან ჯერ ისრაელში გავაგზავნო და შემდეგ იქიდან რეექსპორტით გავიტანო ავსტრალიაში, სატრანსპორტო ხარჯი 8 500 დოლარამდე დამიჯდება, თუმცა, ამას სჭირდება დიდი დრო და წვალება, ცალკე კომპანია უნდა ჩამოვაყალიბო,“ - აცხადებს მაღალაშვილი.
გადაზიდვის ღირებულების ზრდასთან დაკავშირებით, "გლენბერის" დამფუძნებელი განმარტავს, რომ საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების მხრიდან მიზეზად ევროპიდან გაზრდილი მოთხოვნა სახელდება, ასეთ პირობებში კი მათ საქართველოდან შედარებით მცირე რაოდენობის ტვირთის გადატვირთვა მათ ნაკლებად უღირთ.
მაღალაშვილი აცხადებს, რომ საქმის კურსშია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თუმცა, კონკრეტული პასუხი მათგან ამ დროისთვის არ მიუღია.
„დავრეკე უწყებაში, მინისტრის მოადგილესაც შევხვდი, ავუხსენი, რომ თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, იძულებული ვიქნები საწარმო გავაჩერო. შესაბამისად, გაჩერდება ახალი ინვესტიციებიც და ყველა ის გეგმა, რაც მაქვს,“ - აცხადებს მაღალაშვილი.
კითხვაზე, რა ფორმით წარმოუდგენია ბიზნსმენს სახელმწიფოს დახმარება, „გლენბერის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია საერთაშორისო გადამზიდავთან დალაპარაკება, რომ გათვალისწინებულ იქნას დამწყები კომპანიების ინტერესი. შეიძლება ეკონომიკის სამინისტროს ან ზოგადად, მთავრობის ჩარევაც. ან სულაც სუბსიდირება მოხდეს ამ ხარჯის. კონტეინერი უნდა გამეგზავნა ამერიკაში და ვერ ვაგზავნი, 12 500 დოლარს ვერ გადავიხდი და გავჩერდები,“ - აცხადებს მაღალაშვილი.
მისი განმარტებით, „გლენბერს” შეკვეთები აშშ-დან, ისრაელიდან, ინგლისიდან აქვს. დამკვეთები საქართველოდან ელოდებიან როგორც ბოსტნეულის, ისე გაყინული მარწყვის, ჟოლოსა და მაყვლის მიწოდებას.
„გლენბერი” 2018 წელს გაიხსნა. კომპანიამ საწყის ეტაპზე 9 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია შიდა ქართლში, ქარელში მდებარეობს, საწარმოში 250 კაცია დასაქმებული.