ბიზნესი
21/12/2021

გივი ორდენიძე: Subway-ს ობიექტების ნაწილში გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა

Subway-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გივი ორდენიძე „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედებას გაყიდვების ჯამურ მაჩვენებელზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

„ჩვენი სეგმენტი არის ის კატეგორია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს ვაქცინაციის სიკეთე,ან კოვიდ გადატანილია. ერთი მომენტიცაა, „მწვანე პასპორტის“ წარდგენა მოითხოვება მაშინ,როდესაც ადამიანს სურვილი აქვს, რომ ადგილზე მიირთვას, ანუ საჭიროებს დარბაზით სარგებლობას. თუ ადამიანს დარბაზით სარგებლობა არ უნდა, ის იღებს პროდუქტს და გადის. ასეთ დროს, „მწვანე ბარათის“ წარდგენას არ ვთხოვთ. შესაძლებელია, გაყიდვების პრობლემა  ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე (შესაძლებელია ჩვენი პროდუქციი ადვილად წაღება) არ შეგვექმნა.  იმას, ვისაც შეუქმნა, ვუთანაგრძნობთ,“-აცხადებს ორდენიძე.

 Subway-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში პანდემიის გავლენაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ არის ობიექტები, სადაც პანდემიამ პოზიტიურად იმოქმედა და გაყიდვები 2019 წელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა. თუმცა, არის ფილიალები, სადაც რეალიზაციის შემცირება საგრძნობია, ასეთები კი  ტურისტულ ზონებში განთავსებული ობიექტებია.

საქართველოში Subway ამ დროისთვის   8 ფილიალითაა (6-ბილისი, 2 -ბათუმი) წარმოდგენილი. აქედან 1 ლოკაციის ცვლილების გამო დროებით დახურულია და 2022 წლის გაზაფხულზე გაიხსნება. 

„Subway-ს ექსკლუზივი გახსნაზე არავის არ აქვს, სწორედ ეს გამოარჩევს ბრენდს სხვა ბრენდებისგან. ლიცენზიის აღება კონკრეტული რესტორნის გასახსნელად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომელიც დაგვიკავშირდება ჩვენ და გარკვეულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს,“-აცხადებს ორდენიძე.