ბიზნესი
28/12/2021

გივი ორდენიძე: Subway-მ იმპორტირებული ნედლეულის ადგილობრივით ჩანაცვლება ვერ შეძლო

Subway Georgia-მ იმპორტირებული ნედლეულის ადგილობრივით ჩანაცვლება ვერ შეძლო.  Subway-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გივი ორდენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს, მაგრამ განმსაზღვრელია ის, რომ Subway Georgia-ს შემთხვევაში ადგილობრივი პროდუქცია იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევს.

„ჩვენ ხორცპროდუქტები ევროკავშირიდან შემოგვაქვს, კომპანია, რომლისაგანც ჩვენ ნედლეულს ვიღებთ, 5000 რესტორანს ევროპის მასშტაბით ამარაგებს. შესაბამისად, მოცულობა დიდი აქვს და ფასი, აქედან გამომდინარე, შედარებით დაბალი. ჩვენ რომ ადგილობრივი კომპანიისგან ავიღოთ ეს პროდუქცია, პრობლემა მოცულობაში იქნება. ეს კომპანია უნდა მოემსახუროს 8 რესტორანს, ჩადოს ინვესტიცია და მოამზადოს ზუსტად ის პროდუქტი (ჩვენი რეცეფტურით), რაც ჩვენ გვჭირდება. შესაბამისად, ეს მას იაფი არ დაუჯდება,“ - აცხადებს ორდენიძე.

მისივე განცხადებით, ქართული ბაზარი არ არის მზად ასეთი პროდუქტების წარმოებისთვის, ბაზარი პატარაა, კომპანიას კი სპეციფიური პროდუქტი სჭირდება.

„საქართველოში არ იწარმოება ისეთი პროდუქტები, რომელსაც  მხოლოდ Subway მოიხმარს, მაგალითისთვის, ფილადელფიური სტეიკი. შესაბამისად, ეს რომ ქართულმა კომპანიამ მხოლოდ Subway-სთვის გააკეთოს, ამისთვის ხაზი უნდა განავითაროს. ეს კი ჩემთვის შესაძლოა ძვირი გამოვიდეს,“ - აცხადებს ორდენიძე.

Subway-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს, რომ ხორცპროდუქტების მწარმოებელ ქართულ კომპანიებს ხშირ შემთხვევაში ნედლეული იმპორტით შემოაქვს, რაც თავისთავად ზრდის ფასს. შესაბამისად, Subway-სთვის ეს მომხიბვლელი არ არის.

„ამ მიზეზების გამო ვერ ვახერხებთ ადგილობრივ ნედლეულზე გადასვლას, თორემ სურვილი გვაქვს. ერთის მხრივ, ეს ჩემთვის კარგი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ვიყიდი ლარში და არა ევროში. მეორეს მხრივ, ახლოს მექნება და ტრანსპორტირება ძვირი არ დამიჯდება,მომიტანენ ადგილზე, რაც მოსახერხებელი იქნება და ბოლოს, ქართული ფული ქვეყანაში დარჩება და ფარგლებს გარეთ არ გავა,“-აცხადებს ორდენიძე.

ბიზნესმენი გამოსავალს ბაზრის განვითარებაში ხედავს.

საქართველოში Subway ამ დროისთვის 8 ფილიალითაა (6 - თბილისი, 2 - ბათუმი) წარმოდგენილი. აქედან 1 ლოკაციის ცვლილების გამო დროებით დახურულია და 2022 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.