
გიორგი კაპანაძე: "დირსის" შემთხვევა აჩვენებს, ინვესტორების ინტერესების დაცვა მერიისგან ყურადღებას მოითხოვს
„შემაშფოთებელია რამდენიმე დღის წინ AS Georgia – „დირსის“ მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსი, რადგან ცალსახაა, რომ კომპანია, რომელსაც დედაქალაქის დეველოპერულ სექტორში ყველაზე მსხვილი – 200 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული და რომლის საინვესტიციო გეგმებიც 1 მლრდ დოლარის მოცულობაზე ადის, არ უნდა აწყდებოდეს დროში უსაშველოდ გაწელილ და პრაქტიკულად, თითიდან გამოწოვილ ბიუროკრატიულ ბარიერებს“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის კონკრეტული პრობლემები, რაც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული და რომელთა მოუგვარებლობაც ინვესტორს ხელს უშლის განვითარებასა და საინვესტიციო ვალდებულებების დროულად შესრულებაში, არათუ დროში უნდა იწელებოდეს, არამედ, უბრალოდ არც კი უნდა არსებობდეს.
„ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი, როცა საქმე გვაქვს დედაქალაქის დეველოპერული სექტორის, ფაქტობრივად, ყველა დროის ყველაზე მსხვილ ინვესტორთან, ნაცვლად იმისა, რომ მუნიციპალიტეტი ყოველმხრივ ხელს უწყობდეს მას საქმიანობაში, როგორ ხდება, რომ წლობით არ წყდება მარტივი საკითხები, რაც შემდგომში კიდევ უფრო რთული პრობლემების წარმოშობას უწყობს ხელს“, – აღნიშნა კაპანაძემ.
როგორც „აფბას“ ხელმძღვანელმა განმარტა, საკითხები, რაც „დირსმა“ საჯაროდ გამოიტანა და დღემდე გადაულახავ წინააღმდეგობებად წარმოაჩინა, კეთილი ნების და ინვესტორის საუკეთესო ინტერესების ობიექტურად დაცვის შემთხვევაში, რამდენიმე დღეში გადაწყვეტადი პრობლემებია.
„კომპანია საუბრობს, რომ მის კუთვნილ ტერიტორიაზე გაჩნდა უკანონო ბარაკული ტიპის ნაგებობა და მისი დემონტაჟის უფლებისთვის უკვე მეორე წელია მერიასთან მიმდინარეობს დაუსრულებელი და უშედეგო მიმოწერა. არსებული ნაგებობა ფიზიკურად უშლის ხელს კომპანიის მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულების შესრულებას, რაც 7,5 ჰექტარზე სარეკრეაციო პარკის გაშენებას გულისხმობს.
გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მომიჯნავე ტერიტორიაზე, რომელზედაც კომპანიას საინვესტიციო ინტერესი აქვს გამოხატული და სახელმწიფოსთან ოფიციალურ მოლაპარაკებაშია ჩართული, ასევე ჩნდება ანალოგიური ტიპის უკანონო ნაგებობა, რომლის არსებობაც, პრაქტიკულად აჩერებს საინვესტიციო შეთანხმების პროცესს და ჰაერში ჰკიდებს მრავალმილიონიანი განაშენიანების შემდგომ ბედს. ეს ხდება ერთი ბარაკული შენობის უცნობი მეპატრონის ინტერესების საპირწონედ, რომელიც, როგორც ჩანს, იმასაც ახერხებს, რომ მერიისგან ნებართვას იღებს და ამ ნებართვის საფუძველზე „თელასი“ ამ შენობას ელექტროენერგიით უზრუნველყოფს. ეს ფაქტი, იმდენად აბსურდულად გვეჩვენება, რომ არც კი ვიცით ჩინოვნიკური გულგრილობისა და შესაძლო „მარცხენა“ ინტერესების კონტექსტში უნდა განვიხილოთ, თუ კიდევ სხვა რამ შეიძლება დავარქვათ“, – აღნიშნა კაპანაძემ.
მისი თქმით, „აფბა“ ინტერესით დააკვირდება არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით თბილისის მერიის გამოხმაურებას, რამდენადაც აღნიშნული პრობლემა, თავისი არსით, სცდება ერთი კონკრეტული, თუნდაც სექტორში ყველაზე მსხვილი ინვესტორის ინტერესს და აშკარად იძენს არაჯანსაღი ტენდენციის ხასიათს.
„ფაქტია, „დირსის“ შემთხვევა აჩვენებს, რომ ინვესტორების ინტერესების დაცვა მერიისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მუნიციპალიტეტი ადეკვატურად შეხედავს პრობლემის შინაარს და მის მასშტაბს და შესაბამისი სწორი დამოკიდებულებით მიუდგება მისი გონოვრულ დროში გადაჭრის შესაძლებლობებს. სხვა შემთხვევაში, მივიღეებთ ვითარებას, როცა მარტივი ბიუროკრატიული პრობლემების გამო ზარალდება, როგორც დედაქალაქის სარეკრეაციო და ინფრასტრუქტურული ინტერესები, ისე, არანაკლებ, თუ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არა – ინვესტორის კანონიერი ინტერესი. თუ რა შესაძლო და შორსმიმავალი ნეგატიური შედეგების გამოწვევა შეუძლია ამგვარ ვითარებას, იმეედი გვაქვს, ამის ახსნა ან/და შეხსენება თბილისის მერიის მესვეურებს არ სჭირდებათ“, – აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.