ბიზნესი
02/09/2022

"ღვინის ქურდებს" საინვესტიციო გეგმები დაუპაუზდა

კომპანია „ღვინის ქურდებს“ საინვესტიციო გეგმა დაუკორექტირდა. კომპანია საგარეჯოში  “ღვინის ქურდების“  ბრენდით მარნის მშენებლობას გეგმავდა, შერჩეული იყო კონკრეტული ლოკაციაც - სოფელი მანავი. განიხილებოდა ვენახების გაშენებაც.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა გივი აფაქიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, საინვესტიციო გეგმის გადადების მიზეზი გლობალური პანდემია და რუსეთ-უკრაინის ომია.

“ქვეყანა დღემდე გაურკვეველ ვითარებაშია, არ ვიცით როდის რა მოხდება, არსტაბილური გარემოა, შესაბამისად, მსხვილი ინვესტიციის განხორციელება ამ სიტუაციაში შედარებით რთულია. მითუმეტეს, რომ ვენახების გაშენება მოგებას 4-5 წელი არ მოიტანს,“-აცხადებს აფაქიძე.

კომპანია ამ ეტაპზე "ღვინის ქურდების" ბრენდის ქვეშ რამდენიმე დასახელების ღვინოს  აწარმოებს. ესენია:ცოლიკაური, რქაწითელი, რაჭული თეთრა და  საფერავი.გივი აფაქიძის განცხადებით,ღვინის დაახლოებით 80%-ი საექსპორტოა. დანარჩენი კი აქტიურად იყიდება ღვინის სახლებსა და ბარებში.

რაც შეეხება ექსპორტს, აფაქიძის განმარტებით, „ღვინის ქურდების“ ბრენდით ქართული ღვინო უახლოეს მომავალში დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გაიყიდება. მოლაპარაკებები ამ დროისთვის თითქმის დასასრულს უახლოვდება, მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების მოგვარება.

როგორც აფაქიძე განმარტავს, „ღვინის ქურდები“ ითანამშრომლებს დიდი ბრიტანეთის ბაზარზე  მოქმედ ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიასთან, რომელიც ბაზარს ქართულ ღვინოს მიაწვდის.

„ღვინის ქურდები“ უკვე გადის საფრანგეთსა და ნორვეგიაში.

კომპანია „ღვინის ქურდების“  თანადამფუძნებლის ინფორმაციით, კომპანია ღვინის ნაწილს საკუთარი ვენახებიდან მიღებული ყურძნისგან, ნაწილს კი ადგილობრივი ფერმერებისგან მიღებული ყურძნით აწარმოებს. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ამჟამად  კომპანია ქვეყნის მასშტაბით 4-5 ფერმერთან თანამშრომლობს.

შეგახსენებთ, ღვინის კომპანია „ღვინის ქურდები“ 2015 წელს წინანდალში დაფუძნდა. დაფუძნებიდან პირველი ორი წელი კომპანიის საქმიანობის კონცეფცია მოიცავდა მევენახე გლეხების მოძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ გადაყვანას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე, ასევე   კომპანია მათ ეხმარებოდა ღვინის ბრენდირებასა  და სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის გატანაში. 

 

 

Businesspartner