GHG-იმ ინგოროყვას კლინიკის 40%-იანი წილი გაასხვისა
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის (“მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა”) 40%-იანი წილი გაასხვისა, - ინფორმაცია „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ დაუდასტურა.
მისი ინფორმაციით, ნასყიდობის ხელშეკრულება GHG-სა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის 19 აგვისტოს გაფორმდა. ჯანდაცვის ჯგუფის ინფორმაციით, უნივერსიტეტი აღნიშნულ აქტივს როგორც სასწავლო პლატფორმას ისე გამოიყენებს. გარიგების მოცულობა კი 12 მლნ დოლარია.
GHG-ის ინფორმაციით, წილის გაყიდვა ჯგუფის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ნაკლებშემოსავლიანი აქტივების გაყიდვას გულისხმობს.
როგორც ცნობილია, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში GHG-ი 50%-იან წილს ფლობდა, დანარჩენი 50%-ი კერძო მფლობელების იყო. გარიგების შედეგად, ინგოროყვას კლინიკაში GHG-ის წილი 10%-მდე შემცირდა, რომლის გასხვისებასაც ჯგუფი უახლოეს მომავალში გეგმავს.
შეგახსენებთ, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" ლონდონის საფონდო ბირჟიდან მოიხსნა. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ 8 ივლისს მიიღო, თუმცა ძალაში 2020 წლის 5 აგვისტოს შევიდა. GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო.