ბიზნესი
07/09/2023

Gepherrini მსხვილი სავაჭრო ცენტრებიდან გამოვიდა

ტყავის აქსესუარების კომპანია Gepherrini მსხვილი სავაჭრო ცენტრებიდან გამოვიდა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ამის მიზეზი მოლებში არსებული იჯარის მაღალი გადასახადია.

„საქართველოში არაადეკვატურად მაღალია იჯარის საფასური. ფასები სრულიად არ შეესაბამება ბაზარზე არსებულ ვითარებას. ამ ფონზე, მაგალითად მოლებიდან ჩვენ უკვე გამოვედით, რადგან ძალიან არასაინტერესო და ფინანსურად გაუმართლებელი იყო ჩვენთვის მსხვილ სავაჭრო ცენტრებში საქმიანობის გაგრძელება, როცა პირობითად იმის მეოთხედი ქირით, რასაც მოლში ვიხდიდით, პეკინზე ჩვენს მაღაზიაში შემიძლია გვქონდეს იგივე შემოსავალი. 6 თვის წინ, ეტაპობრივად დავიწყეთ ეს პროცესი და საკუთარი ონლაინ თუ ფიზიკური მაღაზიებით ვცდილობთ განვითარებას.“-აღნიშნა ილია გეფერიძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოში ბაზარი არასტაბილურობით გამოირჩევა და მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ზრდას აფიქსირებს, პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია.

„ვერ ვიტყვი რომ რაიმე კუთხით შემცირება გვაქვს, მაგრამ ცხადია, ბაზარი არასტაბილურია. ხომ შეიძლება პირობითად, გასული წლის აგვისტო ამ აგვისტოს შეესაბამებოდეს. ყოველ წელს ერთსა და იმავე პერიოდში, შესაძლოა, გაყიდვების სრულიად განსხვავებული მაჩვენებელი გვქონდეს. ეს ბაზრის არასტაბილურობის ბრალია. დაახლოებით 15%-იანი ზრდა გვაქვს, მაგრამ შესაძლებელია უკეთესი შედეგიც ყოფილიყო.“-აღნიშნა ილია გეფერიძემ.

“გეფერინი” 2014 წელს დაარსდა და პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც მასიურად დაიწყო ჩანთების წარმოება საქართველოში. ჩანთებს ეტაპობრივად დაემატა ფეხსაცმელები, საფულეები, ტყავისა და ვერცხლის აქსესუარები.