ბიზნესი
04/08/2021

Georgian Bicycle Group: ველოსიპედების საერთაშორისო მწარმოებლებისთვის საქართველო პატარა ბაზარია

ველოსიპედების საერთაშორისო მწარმოებლებისთვის საქართველო პატარა ბაზარია, მათ ინტერესებში არ შედის იმპორტის ასეთ ბაზარზე განხორციელება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ Georgian Bicycle Group-ის ხელმძღვანელმა ბექა კიკნაველიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საქართველოში ველომაღაზიები დიდად არ გამოირჩევიან გაყიდვების აქტიურობით და ამას თავისი მიზეზი აქვს. მათ შორისაა, პანდემია, რის გამოც დაპაუზებულია ტურიზმი, ამას მოყვება ველოსიპედების გაქირავების სერვისის შემცირებული მაჩვენებლები.

„საქართველოში რამდენიმე  სპორტული მაღაზიიდან, რომელიც ველოსიპედებს ყიდის, დღეს შეიძლება რამდენიმეს ჰქონდეს შემორჩენილი ერთეული ველოსიპედი. მიზეზი ისაა, რომ საერთაშორისო კომპანიები საქართველოს აღარ აწვდიან პროდუქციას, რადგან მათთვის საინტერესო ბაზარი არ ვართ. ჩვენთან არ იყიდება მაგალითად, მილიონი ცალი ველოსიპედი,“ - აცხადებს კიკნაველიძე.

რაც შეეხება მსოფლიოში ველოსიპედების გაყიდვების მაჩვენებელს, Georgian Bicycle Group-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში ველოსიპიდების გაყიდვებმა მსოფლიოს მასშტაბით 298%-იანი ზრდა  განიცადა. საქართველოში ამხელა ზრდა არ არის, თუმცა მოთხოვნა მაინც გაზრდილია.

შეგახსენებთ, რომ Georgian Bicycle Group-ი (მათივე შვილობილი კომპანია მაღაზია BIKES.GE) 2011 წელს დაარსდა და იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა სპეციალიზებული ველო მაღაზია პროფესიონალური ველოსიპედების ფართო არჩევანით. Bikes.ge-ს თბილისში ამჟამად ერთი ფილიალი აქვს ვაკეში.