Georgian Bicycle Group-ი საქართველოში პირველ მინი ველობაზას გახსნის
საქართველოში პირველად, მინი ველობაზა ამოქმედდება. პროექტი, რომლის მფლობელი Georgian Bicycle Group-ია, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ბექა კიკნაველიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე Georgian Bicycle Group-მა შეიძინა 250 კვადრატული მეტრი ფართობი, სწორედ აქ იგეგმება ველობაზის, სერვისცენტრის და ელექტრომობილების წარმოების გაერთიანებული ბაზის მოწყობა. მისივე განცხადებით, ველობაზა 2 თვეში გაიხსნება.
„პროექტი ითვალისწინებს ველოსიპედების განვითარებას საქართველოში და მის ხელშეწყობას, კერძოდ, იქნება უმაღლესი დონის ველოსახელოსნო, ელექტროველოსიპედების სერვის ცენტრი, ველოსიპედების წარმოების ლაბორატორია. თუ მსოფლიო ინდუსტრია და ველომწარმოებლები მოგვცემენ უფლებას, რომ მოგვაწოდონ ნაწილები, მზად ვართ აქ დავიწყოთ ქართული ველოსიპედის აწყობა.
ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ნებისმიერ პროდუქციაზე ვამბობთ რომ არის ქართული, მარტო შეფუთვა და სტიკერის დადება არ უნდა იგულსხმებოდეს. ქართული ნიშნავს შემდეგს - კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში უნდა მოხდეს პროდუქტის შექმნა, ტესტირება, გამოცდა როგორც ლაბორატორიაში, ისე ველობილიკზე, გაიტესტოს მთაში, შემდეგ ამ ყალიბების სხვადასხვა ქვეყანაში გასატესტად გაგზავნა და დადებითი პასუხის შემთხვევაში უკვე წარმოების აქ დაწყება," - აცხადებს კიკნაველიძე.
Georgian Bicycle Group-ის ხელმძღვანელი პროექტის საინვესტიციო ღირებულებას არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ პროექტი თიბისი ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
კიკნაველიძის ინფორმაცით, ველობაზაში მიღებული მომსახურება და სერვისი იქნება მაღალხარისხიანი და აქცენტი კლიენტზე მორგებულ საჭიროებებზე გაკეთდება. მისივე განცხადებით, წარმოების შემთხვევაში ველობაზას აქცენტი საერთაშორისო დაკვეთებზე ექნება, თუმცა, ქართული ველოსპიედის რეალიზაცია საქართველოშიც მოხდება.
„საერთაშორისო შეკვეთა რომ მიიღო ხარისხიანი პროდუქცია უნდა აწარმოო. სტიკერის დაკვრით ვერავის გააკვირვებ. ბევრი სირთულე გველის წინ. თითქმის 300%-იანი ზრდა რომ არის, ამის ფონზე მსოფლიოს მწარმოებლები ზრდიან წარმადობას, შესაბამისად, უფრო დიდ კონკურენციაში შევდივართ. გვაქვს ამბიცია, რომ მსოფლიოს ბრენდებს კონკურენცია გაუწიოთ. მარტო შიდა ბაზარზე ოპერირებით კი წინ ვერ წავალთ,“ - აცხადებს კიკნაველიძე.
შეგახსენებთ, რომ Georgian Bicycle Group-ი (მათივე შვილობილი კომპანია,მაღაზია BIKES.GE) 2011 წელს დაარსდა და იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა სპეციალიზებული ველო მაღაზია პროფესიონალური, იმპორტირებული ველოსიპედების ფართო არჩევანით. Bikes.ge-ს თბილისში ამჟამად ერთი ფილიალი აქვს ვაკეში.