Georgian Bicycle Group-ი ბრენდული მაღაზიების ქსელის განვითარებას არ გეგმავს
Georgian Bicycle Group-ი ბრენდული მაღაზიების ქსელის განვითარებას არ გეგმავს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ხელმღვანელმა ბექა კიკნაველიძემ განუცხადა, პანდემიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ელექტრონულ კომერციას საქართველოში მომავალი აქვს. ეს კი კომპანიის ონლაინ გაყიდვებმა (BIKES.ge) დაადასტურა.
როგორც კიკნაველიძე აცხადებს, საქართველოში იწყება ციფრული ტრანსფორმაციის ხანა, ქვეყანამ და კომპანიებმა კი ამას ფეხი უნდა აუწყონ.
„ჩვენ თითოეულ ინვესტირებულ დოლარს ვუყურებთ მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში. თუ ინვესტიცია გამართლებული არ არის, ფილიალს არ დავამატებთ. შესაბამისად, თუ მოთხოვნა იმდენი იქნება, რომ საჭირო და კომერციულად გამართლებული იქნება, შემდეგ ვიფიქრებთ ამაზე.
ახალი მაღაზია დღეს არის ონლაინ სივრცე. დღეს საქართველოში ონლაინ ბიზნესი განვითარებული არ არის, თუმცა მომავალი აქვს. ეს გვაჩვენა Wolt-მა და Glovo-მ, ხალხი თუ ჯერ იწერს საკვებს, გადავლენ მონათესავე სფეროებზე. Amazon-მა დაამტკიცა, რომ თუ იქნები მომხმარებელზე ორიენტირებული, ფართო ასორტიმენტით და კარგი ფასებით, რა თქმა უნდა შეგეძლება ონლაინ სივრცეში იწყო წარმატებული,“ - აცხადებს კიკნაველიძე.
გეგმავს თუ არა Georgian Bicycle Group-ი მობილური აპლიკაციის შექმნას, კიკნაველიძე აცხადებს, რომ ეს კომერციულად მომგებიანი არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ Georgian Bicycle Group-ი (მათივე შვილობილი კომპანია,მაღაზია BIKES.GE) 2011 წელს დაარსდა და იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა სპეციალიზებული ველო მაღაზია პროფესიონალური ველოსიპედების ფართო არჩევანით. Bikes.ge-ს თბილისში ამჟამად ერთი ფილიალი აქვს ვაკეში. Georgian Bicycle Group-ის პროდუქცია წარმდგენილი „მეგასპორტის“ ფილიალებშიც.