Georgian Airways: საგადახდო ბარათი МИР-ის მეშვეობით არცერთი ბილეთი არ გაგვიყიდია
საგადახდო ბარათი МИР-ის მეშვეობით არცერთი ბილეთი არ გაგვიყიდია, - ირწმუნება Georgian Airways-ი და განცხადებას ავრცელებს.
განცხადების გავრცელება კომპანიას მას შემდგ მოუხდა, რაც ავიაკომპანიის ბილეთების შეძენა რუსული МИР-ის საშუალებით გახდა შესაძლებელი, რასაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ ხელშეკრულება აქვს დადებული ევროკავშირში (კერძოდ, ესპანეთში) რეგისტრირებულ, ესპანურ კომპანია WebSky.tech-თან, რომელიც არის ავიაბილეთების გაყიდვის საერთაშორისო სისტემა.
"სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით, მრავალი ავიაკომპანია ყიდის სამგზავრო ბილეთებს, მათ შორის, ჩვენც.
WebSky.net-ი გაყიდვებს ახორციელებს ამერიკული საბარათე სისტემების Visa და Mastercard-ით და, აგრეთვე, МИР-ის მეშვეობით. მთლიანად ეს სისტემა მიერთებულია "საქართველოს ბანკთან". აქედან გამომდინარე, თავისთავად გამორიცხულია, რომ ჩვენი ბილეთების შეძენა МИР-ის მეშვეობით განხორციელდეს.
„ჯორჯიან ეარვეისს“ და მის მენეჯმენტს არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია ესპანურ კომპანიაზე, რომელიც, თავისი ნებით ახორციელებს МИР-ის საბარათე სისტემის დაშვებას თავის სარეალიზაციო სისტემაში.
რაც შეეხება „ჯორჯიან ეარვეისს“, კომპანია ამჟამად იმყოფება უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში და არის გაკოტრება/რეაბილიტაციის სტადიაში", - ნათქვამია განცხადებაში.