ბიზნესი
24/11/2021

Georgian Airlines-ი ავიაგადაზიდვებს 6 ქვეყანაში ახორციელებს

Georgian Airlines-ი ავიაგადაზიდვებს 6 ქვეყანაში ახორციელებს. როგორც “ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის (რებრენდინგამდე კომპანია Georgian Airways Cargo) გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვრიშვილმა განუცხადა, ავიახომალდი BOING B737-800 სატვირთო საჰაერო რეისებს ახორციელებს ჩინეთში, ბანგლადეშში, გერმანიაში, ისრაელში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსა და აზერბაიჯანში.

გადაზიდვებთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქეთთანაც. მეზვრიშვილის ინფორმაციით, გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, მომავალი წლისთვის დაგეგმილია სიხშირეების გაზრდა.

მისი განცხადებით, გაზრდილმა მოთხოვნამ და მსოფლიოს მასშტაბით შემცირებულმა მიწოდებამ მომსახურებაზე ფასების ზრდა გამოიწვია.

როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, ამ დროისთვის კომპანია საჰაერო ტვირთების გადაზიდვებს ერთი ხომალდით ახორციელებს, თუმცა წლის ბოლომდე Georgian Airlines-ი  მეორე ხომალდის შესყიდვასაც გეგმავს, 2022 წლის მეორე კვარტალში კი მესამე ხომალდს შეიძენს.

Georgian Airways-მა Boing B737-800 ლიზინგით შეიძინა. ავიახომალდი მანამდე კომპანია SmartWings-ის საკუთრებაში იყო და მას მგზავრები ევროპის მასშტაბით გადაჰყავდა. თუმცა, შემდეგ თვითმფრინავი ტვირთების გადასაზიდად მოეწყო. მისი მაქსიმალური მოცულობა 24 ტონაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საჰაერო ტვირთების ბაზარზე რამდენიმე ქართული სატვირთო ავიაკომპანია ოპერირებს: Geo Sky, TCA და Easy Charter, ხოლო მიმდინარე წლის აპრილიდან მათ Georgian Airways-ის შვილობილი ავიაკომპანია Georgian airlines-ი  დაემატა.