George Grey Winery საფირმო მაღაზიების გახსნას გეგმავს
George Grey Winery გრძელვადიან პერსპექტივაში საფირმო მაღაზიების გახსნას განიხილავს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ George Grey Winery-ს დამფუძნებელმა და კომერციულმა დირექტორმა გიორგი რუხაძემ განუცხადა, კომპანიის გეგმის ფარგლებში განიხილება საწყის ეტაპზე მაღაზიის თბილისში გახსნა, ხოლო შემდეგ მეზობელ ქვეყნებში.
მისი ინფორმაცით, ამ მიმართულების განვითარებასა და კონცეფციაზე კომპანიაში მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. რუხაძე აცხადებს, რომ კონცეფციის მომზადების შემდეგ განისაზღვრება პროექტისთვის საჭირო ინვესტიციის მოცულობაც.
George Grey Winery ოჯახური მეღვინეობის ბაზაზე შეიქმნა და ღვინის ინდუსტრიაში 2018 წლიდან არის წარმოდგენილი. კომპანიას ვენახები აქვს ქართლში, იმერეთსა და კახეთში, ჯამში 2 ჰა ტერიტორიაზე.
George Grey Winery-ს ბიზნესი ორ ძირითად მიმართულებაზეა დაფუძნებული, ერთი ტრადიციული მეღვინეობაა, რომლის ფარგლებშიც პრემიუმ კლასის ქართული ტრადიციული ღვინოების, მათ შორის საფერავის, ქინძმარაულის, ქვევრის რქაწითელის, ქვევრის ქისის წარმოება ხდება, მეორე მიმართულება კი ეთმობა თანამედროვე ბრენდ „კესანეს“, რომელიც George Grey Winery-ის ბრენდის ქვეშ იწარმოება.
ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ საწყის ეტაპზე რამდენიმე ასეული ათასი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა.