ბიზნესი
30/09/2021

George Grey Winery მიმდინარე წელს ექსპორტის გაძლიერებას და ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს

George Grey Winery-ს დამფუძნებელი და კომერციული დირექტორი გიორგი რუხაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მიუხედავად პანდემიისა, კომპანია მიმდინარე წელს გეგმავს როგორც ღვინის ასორტიმენტის გაზრდას, ისე საექსპორტო ქვეყნების გაფართოებას.

რუხაძის განცხადებით, მათი კომპანიის საქმიანობა  ორ ძირითად მიმართულებაზეა დაფუძნებული, ერთი მიმართულება  ტრადიციული მეღვინეობაა, რომლის  ფარგლებშიც  პრემიუმ კლასის ქართული ტრადიციული ღვინოების, მათ შორის საფერავის,  ქინძმარაულის, ქვევრის რქაწითელის, ქვევრის ქისის წარმოება ხდება,  მეორე მიმართულება კი ეთმობა თანამედროვე ბრენდ „კესანეს“, რომელიც George Grey Winery-ის ბრენდის ქვეშ იწარმოება. 

უშუალოდ „კესანეს“ წარმოების იდეა  George Grey Winery-ის ერთ-ერთ პარტნიორს - თათა საურს ეკუთვნის. 

რუხაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წელს კომპანია ხვანჭკარის და ცოლიკაურის წარმოებასაც გეგმავს. საუბარია, ხვანჭკარის დაახლოებით 500 ბოთლის ჩამოსხმაზე.

George Grey Winery-ის დამფუძნებელი პანდემიის გავლენაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიამ შექმნილ ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეძლო ტრანფორმაცია, რაც ელექტრონული კომერციის გაძლიერებაში გამოიხატა.

გარდა ონლაინ გაყიდვებისა, George Grey Winery-ის სხვა ღვინის სახეობების  პროდუქტების  შეძენა  მომხმარებლებს შეუძლიათ  8000 მოსავალში, ალკორიუმში,  თბილელის ქარვასლაში, ალკოჰოლური სასმელების ბუტიკ-მაღაზია “შალიაურში“, მეიდან ბაზარში და  სხვადასხვა  რესტორნებსა და სასტუმროებში. 

რაც შეეხება ექსპორტს, რუხაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიის ღვინოები უკვე გაგზავნილია იაპონიაში, შესაბამისად, George Grey Winery-ის ღვინოები აღნიშნული ქვეყნის ბარებში,რესტორნებში და სპეციალურ ალკოჰოლურ მარკეტებში უახლოეს მომავალში გაიყიდება. კომპანია ექსპორტის მიმართულებით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ქვეყნებთანაც.

„ჩვენ თითოეულ ბოთლს ვაქცევთ ხელოვნების ნიმუშად, შესაბამისად, ვაკეთებთ ბოთლზე გრავირებასაც. სხვადასხვა მხატვრის ნახატები ბოთლზე გადაგვაქვს. ამ ყველაფერზე დიზაინერები მუშაობენ, შესაბამისად, ეს მიმართულება საკმაოდ ძვირადღირებულია,“-აცხადებს რუხაძე.

მისი განცხადებით, კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოების ფასი 30-50 ლარის ფარგლებშია. გვრავირებულის შემთხვევაში ფასი 65 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე მერყეობს.

George Grey Winery-ი ოჯახური მეღვინეობის ბაზაზე შეიქმნა და ღვინის ინდუსტრიაში 2018 წლიდან George Grey Winery-ის სახელით მოღვაწეობს. კომპანიას  ვენახები აქვს ქართლში, იმერეთში და კახეთში, ჯამში 2 ჰა ტერიტორიაზე.

კომპანიამ საწყის ეტაპზე რამდენიმე ასეული ათასი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა.