GEO SKY-ს ავიაპარკს 2021 წელს Boeing-ის 3 ხომალდი შეემატება
ქართულ სატვირთო ავიაკომპანია GEO SKY-ს ავიაპარკს 2021 წელს სამი Boeing 747-400 ტიპის საჰაერო ხომალდი, ე.წ. ცის დედოფალი შეემატება. როგორც ავიაკომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, თვითმფრინავების შემოყვანა მშრალი ლიზინგის წესით მოხდება.
ახალი Boeing-ებით განხორციელდება სატვირთო გადაზიდვები მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით.
"დღეის მდგომარეობით, პარტნიორ კომპანიებთან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბორტების მშრალი იჯარით სარგებლობის მიმართულებით. საჰაერო ხომალდების ჩამოყვანას ეტაპობრივად ვგეგმავთ და ვიმედოვნებთ, პირველ Boeing 747-400-ის ტიპის საჰაერო ხომალდს საქართვეოლოში 2021 წლის პირველ კვარტალში ჩამოვიყვანთ, დანარჩენი ორი საჰაერო ხომალდების ჩამოყვანა კი 2021 წლის მეორე და მესამე კვარტალში იგეგმება“, განუცხადეს AviaNews-ს GEO SKY-ში.
Boeing 747-400-ის მაქსიმალური ტვირთამწეობა 115 ტონაა. ამ დროისათვის კი GEO SKY-ს ავიაპარკი ორ ერთეულ Boeing B74-200-ს (B747-236SF და B747-222) აერთიანებს.
GEO SKY 2016 წელს დაარსდა და ოპერირებს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
ავიაკომპანიის ფლოტი წარმოდგენილია Boeing 747-200-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით, სატვირთო გადაზიდვებს ასრულებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით და ახდენს ნებისმიერი ლეგალური ტვირთის საჰაერო გადაზიდვას. ავიაკომპანია ძირითადად ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური მაღალ კვალიფიციური პერსონალით არის დაკომპლექტებული.