Geo Sky ავიაგადაზიდვების ბაზარზე აქტიურდება - კომპანიამ ახალი ავიახომალდი შემოიყვანა
საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე მოთხოვნა, შესაძლებლობა და ფასი დასტაბილურებას იწყებს. დარგის სპეცილისტები ამბობენ, რომ პანდემიიდან და რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული ნეგატიური ფაქტორები, მათ შორის - საავიაციო საწვავის მაღალი ფასები - დარეგულირებისკენ მიდის.
ბოლო ერთი თვეა, საერთაშორისო ბაზარზე საავიაციო საწვავზე ფასი მცირდება, რაც ცხადია, საქართველოში სატვირთო გადაზიდვების ფასზეც დადებით გავლენას იქონიებს. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენს ქვეყანაში იზრდება სატვირთო ავიახომალდების რაოდენობაც. პირველმა ქართულმა ავიაკომპანია Geo Sky-მ, რომელიც რეგულარულ სატვირთო რეისებს ასრულებს ჩინეთიდან თბილისის და თბილისიდან ევროპის, კერძოდ ფრნაკფურტის მიმართულებით, ახალი სატვირთო ავიახომალდი ჩამოიყვანა, რომელიც ოპერირებას უახლოეს დღეებში დაიწყებს. ის ბოინგ 757 ტიპისაა და 30 ტონის მოუცლობის საჰაერო ხომალდს წარმოადგენს. ახლო აღმოსავლეთი, ჩინეთი, ევრიპის ქვეყნები - ეს ის მიმართულებები იქნება, სადაც Geo Sky-ს ახალი ხომალდი სატვირთო გადაზიდვებს განახორციელებს.
ქართული კომპანია, ამ დროისთვის, 3 სახეობის ხომალდს ფლობს - აქედან ორი - ბოინგ 747 ტიპისაა, ერთი კი ბოინგ 757. უახლოეს პერიოდში, საშუალო ზომის კიდევ ერთი ხომალდის შემოყვანა იგეგმება, ვინაიდან, ამ ტიპის ავიახომალდებზე სატვირთო გადაზიდვების კუთხით მოთხოვნა გაზრდილია.
„ჩვენი სეგმენტი იყო 100 ტონა ტვირთის გადატანა ერთ გადაზიდვაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს, ცოტა შემცირდა მოთხოვნა დიდი ზომის ტვირთებზე , მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იგივე ზომის თვითმფრინავი აღარ შემოგვეყვანა და ჩამოვიყვანეთ საშუალო ზომის საჰაერო ხომალდი, რითაც არჩევანის შესაძლებლობას მივცემთ ჩვენს მომხმარებელს: ვისაც აქვს დიდი მოცულობის ტვირთი გადასატანი, შეგვეძლება შესაბამისი ავიახომალდით უზრუნველყოფა, ვისაც აქვს მცირე მოცულობის ტვირთი - შეგვეძლება უკვე ბოინგ 757 შევთავაზოთ. საკმაოდ ხშირად გვქონდა შემოთავაზება მცირე ზომის ტვირთებზე, რაც დიდი საჰაერო ხომალდით არარენტაბელურია. მე როცა 100 ტონის წაღება შემიძლია და ვიღაცას 30 ტონა აქვს წასაღები, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩარტერი უნდა შემიკვეთოს და 100 ტონის ფული გადაიხადოს. აქედან გამომდინარე, ჩვენც თავს ვიკავებდით და მომხმარებელიც თავს იკავებდა მცირე ზომის ტვირთების დიდი საჰაერო ხომალდით გადატანისგან. ასე რომ, ახლა ეს პრობლემა გადაჭრილი იქნება “ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ შალვა კიკნაძემ, ავიაკომპანია Geo Sky-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მან Geo Sky-ს სხვა გეგმებზეც ისაუბარა და თქვა, რომ საქართველოში უკვე დარეგისტრირდა Geo Sky Technics, რომელიც Geo Sky-ს შვილობილი კომპანიაა. მან წარმატებით გაიარა ევროპული სტანდარტის სერტიფიცირება და მიენიჭა უფლება, განახორციელოს სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურეობა. ამ ეტაპზე, Geo Sky Technics-ს აქვს 2 ტიპის ბაზირება: ერთი - თბილისის აერიპორტში, მეორე - თელავში.