GCSD კავკასუსზე: ისე უნდა დავიცვათ სტრატეგიული აქტივი, რომ არ დაზარალდეს საინვესტიციო გარემო
ეს ტრანზაქცია რაც განხორციელდა ოფშორულ იურისდიქციაში ცალსახად არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, - ასე აფასებს ელექტრონული კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის დამფუძნებელი თამარ ჭელიძე კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე „ნექსოლ ჰოლდინგის“ მიერ "კავკასუს ონლაინში" წილის 100%-მდე შევსებას.
თამარ ჭელიძე განმარტავს, რომ ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც ექვემდებარება ეროვნული მარეგულირებლების მოთხოვნებს ის აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამგვარი ტრანზაქცია არ არის ძალაში. ეს არის იმპერატიული პირობა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში და შესაბამისად, როდესაც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მარეგულირებელი მოითხოვს ინფორმაციის წარდგენას აქტივების შეძენაზე, შერწყმაზე თანხმის წინასწარი მოპოვებისთვის ეს იმპერატიულად უნდა დაკმაყოფილდეს ნებისმიერი პირის მიერ.
„ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას თამარ ჭელიძემ აღნიშნა, რომ პრობლემა არ არის მხოლოდ ქართული კანონმდებლობისთვის დამახასიათებელი. ამ ტიპის პრობლემებს აწყდება ყველა ქვეყანა, რადგან არსებობს მსოფლიოში სხვადასხვა მექანიზმი, ოფშორულ იურისდიქციებში მსგავსი ტრანზაქციების განხორციელებისთვის, რაც რისკების მატარებელია. პრობლემის გადასაჭრელად კი, სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული პრაქტიკები უნდა იქნას გამოყენებული.
ელექტრონული კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ „კავკასუს ონლაინის“ 51%-იანი წილის გასხვისების საკითხზე დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროება უნდა მოხდეს, მათ შორის, იყო თუ არა მცდელობა ბენეფიციარი მესაკუთეთა მხრიდან თანხმობის მოპოვებაზე, ხომ არ მოხდა სპეციალური მმართველის მხრიდან რაიმე შეფერხება.
„ჩემი აზრით, ეს არის სერიოზულად შესასწავლი საკითხი და უნდა მოხდეს დეტალური განხილვა რა ტიპის წერილებზე იყო საუბარი. გავეცანი კომუნიკაციების კომისიის განმარტებას და მიმაჩნია, რომ არ არის საკმარისი. მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას“, - აღნიშნა თამარ ჭელიძემ.
ჩვენს კითხვას იქმნება თუ არა საფრთხე სტრატეგიული აქტივის გასხვისებით, ჭელიძე განმარტავს, რომ უნდა შეფასდეს რა ზეგავლენა გააჩნია ამ ტრანზაქციას, რაც შეეხება ინვესტიციებს, როდესაც საუბარია სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე, თემა მართლაც საყურადღებოა.
„მსგავსი რისკები იყო ჯეოსელის გასხისების დროსაც, როდესაც ერთ-ერთ რუსულ კომპანიას სურდა მისი აქტივების და წილის შეძენა. ამის შემდეგ ხელისუფლებას ჰქონდა საკმარისი დრო ადეკვატური რეაგირება ჰქონოდა კანონში არსებულ ამ ტიპის ხარვეზებზე, თუმცა ეს დრო არ იქნა გამოყენებული და სხვა ტიპის ცვლილებები მივიღეთ, რომელიც არ პასუხობს ამ გამოწვევას“, - აღნიშნა თამარ ჭელიძემ.
მისი განმარტებით, შესაძლებელია ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რომლებიც ასეთივე რისკების წინაშე დგანან. მათ აქვთ საკანონმდებლო მექანიზმები, როდესაც ხდება ამგვარი „ქეისების“ სკრინინგი, წინასწარი შემოწმება ეწინააღმდეგება თუ შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს ესა თუ ის ინვესტიცია.
„ხელისუფლებამ ეს თემა უნდა გაითვალისწინოს და შეიმუშავოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც ერთი მხრივ, არ დააზარალებს საინვესტიციო გარემოს და მეორე მხრივ, დაიცავს სტრტატეგიულ აქტივებს და ინტერესებს კერძო ურთიერთობებში. ძალიან სერიოზული ბალანსია საჭირო და არ არის ადვილად შესარულებელი, მაგრამ უნდა ვიხელმძღვანელოთ საუკეთესო მაგალითებით“, - ამბობს თამარ ჭელიძე.