ბიზნესი
30/11/2021

გაზრდილი მოთხოვნა და განსხვავებული შეთავაზებები "შავ პარასკევს"

„შავი პარასკევის“ ფასდაკლებები საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება.

რითეილერების ინფორმაციით, ფასდაკლებებზე მოთხოვნა, ბოლო 5 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მზარდია. მიმდინარე წლის შედეგებმა კი კონკრეტული რითეილერებისთვის, პანდემიისა და არსებული შეზღუდვების მიუხედავად, 2019 წლის მაჩვენებლებსაც გადააჭარბა.

მათი ინფორმაციით, ფასდაკლების კვირაში, ჩვეულებრივ პარასკევებთან შედარებით 6-ჯერ უფრო დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა, შედეგებმა კი პანდემიმადელ შავ პარასკევს 5%-ით გადააჭარბა. რითეილერების განცხადებით, ბაზარზე შეიცვალა შავი პარასკევის ფასდაკლებებისადმი მიდგომებიც.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი განმარტავს, ბოლო წლების განმავლობაში ბაზარზე გაცილებით უფრო კარგი შეთავაზებები გამოაქვთ კომპანიებს და მომხმარებლის მხრიდანაც ინტერესი გაზრდილია.

"ბაზარზე ახლა უფრო მეტი შეთავაზებაა, ვიდრე წლების წინ იყო. თავიდან რითეილ სექტორი უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებოდა "შავ პარასკევს", თუმცა ბოლო რამდენიმე წელია ნამდვილი "შავი პარასკევი" გვაქვს. წელს პანდემიისა და შეზღუდვების მიუხედავად, "შავ პარასკევს" მოთხოვნამ წინა წლების ყველა "შავ პარასკევს" გადააჭარბა", - განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.

Businesspartner