ბიზნესი
08/04/2022

გასტრონომიის ასოციაცია რესტორნებისთვის ქართული აგროპროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვს

გასტრონომიის ასოციაცია რესტორნებისთვის ქართული წარმოების აგროპროდუქტების მეორადი წარმოების დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვს.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ბორდის წევრის ზურა ბაქრაძის შეფასებით, სტუმარ-მასპინძლობის სფეროსთვის 2021 წლის ქონების გადასახადისგან დადებითი გადაწყვეტილებაა, თუმცა ამას ერთჯერადი ეფექტი ექნება. 

მისი თქმით, სფეროს გრძელვადიანი დახმარება სჭირდება, როგორიცაა მაგალითად სოფლის მეურნეობის პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლება. 

ბიზნესი "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებს ითხოვს. 

"დღგ-ს ნაწილში სტუმარ-მასპინძლობის სფერო ცუდ მდომარეობაშია. დღევანდელი მოცემულობით, ქართული, სოფლის მეურნეობის პროდუქცია გათავისუფლებულია დღგ-სგან, ეს ცალსახად კარგია და სტიმულია, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს. თუმცა, ეს ბლოკავს და მოტივაციას უკარგავს ერთ-ერთ უმსხვილეს შემსყიდველს, ეს არის სარესტორნე ბაზარი, იმისათვის, რომ შეიძინოს ქართული პროდუქცია, რადგან შესყიდვების დაახლოებით 60%-ზე ვერ ვითვლით დღგ-ს. ჩვენ სახელმწიფო უწყებებს შევთავაზეთ ხედვა, როგორ შეიძლება დალაგდეს ისე, რომ საბოლოოდ სახელმწიფოც და რესტორნებიც დარჩეს მოგებულ სიტუაციაში, რაც გამოათავისუფლებს იმ ფინანსებს, რის საფუძველზეც ჩვენ მეტად გვექნება შესაძლებლობა, განვითარდეთ, გავფართოვდეთ, მეტი ადამიანი დასაქმდეს", - აღნიშნა ზურა ბაქრაძემ. 

მან შესყიდვების გაკონტროლების ახლებული ხედვაც წარმოადგინა. 

"2019 წელს სარესტორნე ბიზნესის მასიური შემოწმებები მოხდა, რადგან ბიუჯეტში რესტორნების შეტანილმა თანხამ გარკვეული კითხვები გააჩნია. ანუ, თუ ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ დღგ-სგან გათავისუფლებული სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ჩვენც გავთავისუფლდებით, და ამით შესყიდვებს გაგვიკონტროლებენ ჩგდ-ს მსგავსი დოკუმენტით, ანუ შემოსავლების სამსახურში მივალთ, ავიღებთ დანომრილ შესყიდვის აქტებს, და შემდეგ შესყიდვებს გავააქტიურებთ RS-ზე, თავისთავად სახელმწიფო დაიწყებს შესყიდვების კონტროლს. იმისათვის,რომ შენ აკონტროლო გაყიდვები, პირველ რიგში უნდა გააკონტროლო შესყიდვები. დღეს, სახელმწიფო შესყიდვებს ვერ აკონტროლებს სარესტორნე ბაზარზე, იმიტომ, რომ ჩვენთვთონ ვადგენთ ამ შესყიდვის აქტებს გლეხებთან", - აღნიშნა ზურა ბაქრაძემ.