ბიზნესი
19/01/2021

Gastro Box - ბაზარზე ახალი კულინარიული სასაჩუქრე ნაკრები გამოჩნდა

Gastro Box ქართველ მომხმარებელს, ნატურალური და ექსკლუზიური პროდუქტებისგან შექმნილ ბოქსებს სთავაზობს. კომპანიის დამფუძნებლის თინა ოსეფაშვილის თქმით, Gastro Box კონკურენტებისგან გამოირჩევა იმით, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ყოველთვიურად სხვადასხვა თემატიკის ქვეშ გაერთიანებული ახალი არომატები და გემოები აღმოაჩინოს.

„პროდუქტების ყუთი არ არის ერთჯერადი შეთავაზება, მისი გამოწერა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაშიც. ერთჯერადი შეკვეთის ღირებულება 60 ლარია, 3 თვიანი 165 ლარი, 6 თვიანი - 300, ხოლო 12 თვე - 540 ლარს. რაც მთავარია, ბოქსში მოთავსებული პროდუქტების 60% არის ჩვენი კომპანიის მომზადებული პროდუქცია, მაგალითად, მურაბები, აჯიკა, პაშტეტი, ფრეშ პასტა, პესტოს სოუსი და ა.შ. საკვები პროდუქტების გარდა, ნაკრებში მოთავსებულია სამზარეულოს აქსესუარი, რეცეპტი დ სხვა სასიამოვნო სიურპრიზი. მოთხოვნა საკმაოდ დიდია, Gastro Box-ის საახალწლო ნაკრები თითქმის 2 კვირაში ამოიყიდა და უკვე გვყავს 10-მდე ერთ წლიანი გამომწერი. გამოწერა ხდება Facebook-გვერდით, თუმცა ვაკეთებთ ვებ-პლატფორმაც, სადაც ბოქსებთან ერთად გაიყიდება ჩვენი პროდუქცია,“– აღნიშნა თინა ოსეფაშვილმა.

ამ დროისთვის Gastro Box-ის მიწოდება მხოლოდ თბილისის მასშტაბით არის შესაძლებელი, თუმცა მარტიდან საკურიერო მომსახურება საქართველოს დიდ ქალაქებში იქნება შესაძლებელი. კომპანია ერთჯერადი ბოქსების სხვადასხვა კონცეფციით წარდგენასაც გეგმავს.

„მომხმარებლებს შევთავაზებთ დეტოქს ბოქსებს, სადაც მოთავსებული იქნება, მაგალითად, 21 დღიანი პროგრამის შესაბამისი პროდუქტები, ასევე გვინდა შევქმნათ წვეულების ბოქსები, რომელიც მოსახერხებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც დაბადების დღის აღნიშვნა ოფისში, სკოლაში ან ნებისმეირ ადგილას უწევს, მარტივად დელივერ აპლიკაციის (Glovo, Wolt, Elvis, Bolt) საშუალებით შეძლებს მიიღოს წვეულებისთვის საჭირო სრული პაკეტი.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, პროექტი საკუთარი დანაზოგით განვახორციელეთ, თუმცა სამომავლო გეგმაშია მაღაზია და სხვა საინტერესო სიახლის შეთავაზება მომხმარებლისთვის, რისთვისაც ინვესტიციის მოზიდვას და თანადაფინანსების პროგრამებში მონაწილეობის მიღებას ვგეგმავთ,“ – ამბობს Gastro Box-ის დამფუძნებელი.

Businesspartner