გამოცდილება ყველაზე კარგი მასწავლებელია
საქართველო თავისი ნაყოფიერი მიწებითა და კლიმატური პირობებით დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართულ მეწარმეებს. დარგში არსებული გამოწვევების მიუხედავად, მებაღეობა-მეხილეობა იქნება ეს, მევენახეობა, თუ სხვა აგრარული კულტურების მოყვანა, პერსპექტივები საკმაოდ მაღალია. მთავარი აქაც მიზანდასახულობა, დაუზარელი შრომა, საბაზრო ტენდენციების სწორად დანახვა, მომხმარებლის საჭიროების შესწავლა, საკუთარი რესურსების სწორად გათვლა-დაგეგმარება და გრძელვადიანად მათი საკუთარი ხედვის სამსახურში ჩაყენებაა.
კონკურენცია სოფლის მეურნეობის დარგშიც ისეთივე მაღალია, როგორც ბიზნესის სხვა სფეროებში. ბიზნესის წარმატების ფორმულა აქაც მომხმარებელზე გადის, რომლის ყურადღება კონკურენტული ფასით შეიძლება მივიპყროთ, გულს სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დამხარებით მოვიგებთ, თუმცა გრძელვადიანად მომხმარებლის შენარჩუნება გაგვიჭირდება, თუ კრეატიულები და ინოვაციურები არ ვიქნებით. მხოლოდ ინოვაციურობა არ ნიშნავს თავისთავად წარმატებას, მაგრამ ამის გარეშე ბიზნესის მარცხი გარანტირებულად დგება ხოლმე დროის გარკვეულ მონაკვეთში.
„ინოვაციურობა არის ერთადერთი გზა, მოვიგოთ“- გვეუბნება სტივ ჯობსი.
„თუ თქვენს ფულს იმაში გამოიყენებთ, რომ შექმნათ გამორჩეული პროდუქტები და მომსახურებები, რეკლამის ხარჯი აღარ გექნებათ.“- ეს სიტყვები სეტ გოდინს ეკუთვნის.
ქართულ რეალობაშიც არაერთი ბიზნესი გვხვდება, რომლებიც სწორედ ინოვაციურობის ხაზს მიჰყვებიან და ცდილობენ თავიანთ სფეროში ახალი სიტყვა თქვან. ნიკოლოზ გეთიაშვილი სწორედ ასეთი ახალგაზრდა ფერმერია, რომელიც გურჯაანში მეურნეობა „შაბრო“-ს უძღვება ოჯახის წევრებთან ერთად. რამდენიმე ათეულ ჰექტარზე გაშენებულ ბაღში არაერთ ქართული ბაზრისთვის ჯერ კიდევ უცხო, საინტერესო ხეხილის ჯიშს გადააწყდებით, როგორიცაა მაგ. წითელი გარგარი, ბრტყელი ატამი და ა.შ.
ნიკას მიზანს სწორედ ის წარმოადგენს, რომ მეურნეობა „შაბრო“- მ ახალი სიტყვა თქვას სფეროში, როგორც ჯიშობრივი, ისე ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის თვალსაზრისით.
საკუთარ ბაღებში ნიკა რამდენიმე წელია აქტიურად ატარებს ექსპერიმენტებს. ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით შერჩეული იქნა ისეთი ჯიშები, რომლებიც მომხმარებლის გემოვნებასა და ინტერესზეა გათვლილი. „შაბრო“-ს მეურნეობიდან ხილი უკვე გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, მომხმარებლის ყურადღებაც მიიქცია და გულიც ადვილად დაიპყრო, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ სიახლეების დანერგვა თავისთავად არ ნიშნავს ბიზნესის წარმატების გარანტიას. ეს ძალიან კარგად იცის ნიკამ, რომელსაც ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის საკუთარ ბაღებში და მენეჯმენტში არსებული უთვალავი საქმის გვერდით იმასაც ახერხებს, რომ მუდმივად იზრუნოს საკუთარი თავის პროფესიულ განვითარებაზე, კიდევ უფრო გაიღრმავოს ბიზნესის მართვის უნარები.
სწორედ ამ მიზნით შემოუერთდა ის რამდენიმე წლის წინ BPN Georgia-ს ბიზნესის განვითარების პროგრამას და არაერთი ტრენინგის აქტიური მონაწილე გახლდათ. ინდივიდუალურ ბიზნეს ქოუჩინგებსაც იღებს მისი საჭიროებიდან გამომდინარე.
„ცოდნის ერთადერთი წყარო გამოცდილებაა”- თქვა აინშტაინმა და ამას ნიკაც იზიარებს. მან კარგად იცის, რომ სწორედ გამოცდილებაა საუკეთესო მასწავლებელი და ის არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების გამოცდილებასაც ძალიან აფასებს.
საერთაშორისო გამოცდილების დარგის ექპერტების ჩართულობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარების პროცესში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება BPN Georgia-ს შუამდგომლობით დარგის ექსპერტების ჩამოყვანა ბიზნესის განვითარების პროგრამის მონაწილე კომპანიებისთვის.
ცოტა ხნის წინ მეურნეობა „შაბრო“-ს BPN Georgia-ს მოწვეული შვეიცარიელი ექსპერტი, აგრო ინჟინერი, ბატონი ოტმარ აიჰერი, სტუმრობდა. მას 30 წლიანი გამოცდილება აქვს სოფლის მეურნეობის დარგში საკონსულტაციო მიმართულებით. მან ნიკას საკუთარი უზარმაზარი გამოცდილება გაუზიარა, ადგილზე გაეცნო ბაღებში არსებულ სხვადასხვა ჯიშებთან დაკავშირებულ გამოწვევებს და რეკომენდაციები მისცა ნიკას და მის თანამშრომლებს არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.
თუ თქვენც გსურთ გაიზიაროთ საერთაშორისო დარგის ექსპერტების გამოცდილება და გახდეთ წარმატების მაგალითი სხვებისთვის, დაგვიკავშირდით, ჩაერთეთ BPN Georgia-ს ბიზნესის განვითარების პროგრამაში და დარგის ექსპერტის სერვისთან ერთად მიიღეთ სხვა არაერთი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო სერვისი!