გამოისყიდის თუ არა ირლანდიური Flutter-ი Adjarabet-ის დარჩენილ 49%-იან წილს
Flutter Entertainment-ი adjarabet.com-ის 100%-იანი წილის შესყიდვას გეგმავს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა განუცხადა, კომპანია საქართველოში საკმაოდ მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
„ამ დროისთვის Flutter Entertainment-ს ეკუთვნის adjarabet.com-ის 51%-იანი წილი, დანარჩენი 49% უნდა ჩაიხუროს 2022 წლის მარტამდე. მთავრობის მიერ სათამაშო ბიზნესის მიმართ გაკეთებული განცხადებების და ინიციატივების შემდეგ რა მოხდება არ ვიცი, გამიჭირდება კომენტარის გაკეთება,“ - აცხადებს მამულაიშვილი.
სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ იმ მიდგომების შედეგად, რაც ორი დღის წინ გაჟღერდა, საფრთხის წინაშე დადგება ქვეყანაში სათამაშო ინდუსტრიის სექტორში არსებული უცხოური ინვესტიციების გადინება და ახლის განხორციელება.
„ის მსხვილი კომპანიები, რომლებიც წარმოდგენილია ლისტინგზე, სენსიტიურია. ნებისმიერი აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებები და რეგულაციებზე საუბარი, მათზე პირდაპირ მოქმედებს. ეს სხვა ინვესტორს დაუკარგავს სურვილს, რომ ქვეყანაში ინვესტიცია ჩადოს. ბოლო სამი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი ინვესტიციაა შემოსული. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებიდან გაკეთებული რეინვესტიცია 2018 წელს იყო 71 მლნ ლარი, 2019 წელს - 30 მლნ ლარამდე, 2020 წელს -32 მლნ ლარზე მეტი,” - აცხადებს მამულაიშვილი.
Flutter Entertainment არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტოტალიზატორი და Paddy Power, BetFair და PokerStars-ის მფლობელი კომპანია. 2019 წლის თებერვალში მის დიდ ოჯახს adjarabet.com შეუერთდა. მაშინ მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიამ adjarabet.com-ის 51%-იანი წილი იყიდა.
რაც შეეხება მთავრობის ინიციატივას - ხელისუფლება სათამაშო ბიზნესისთვის საგადასახადო რეჟიმის შეცვლას გეგმავს. საქმე ეხება განსაკუთრებით ონლაინ კაზინოებს. პრემიერმა უკვე დაანონსა, რომ ამ ტიპის კაზინოებისთვის გადასახადები გაიზრდება, აიკრძალება რეკლამა, ბარიერი გაიზრდება 25 წლამდე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მომავალში ონლაინ კაზინოები ქვეყანაში საერთოდ აიკრძალება, მოგვიანებით მან განმარტა, რომ მისი ინიციატივა კაზინოების შეზღუდვასთან დაკავშირებით არასწორად განმარტეს. „ბრალი დამდეს, თითქოს ჩემს პოლიტიკასა და ხედვებთან შეუსაბამობაში. მე განვმარტე, რომ Land Casino-ებს არ ვეხებით, ეს ონლაინ-კაზინოებზეა," - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მოსახლეობის მიერ წაგებული თანხა 1.5 მლრდ ლარია, აქედან დიდი ნაწილი 99% გაჭირვებული მოსახლეობაა.
ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას ფინანსთა სამინისტრო 1 კვირაში წარმოადგენს. მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა დასაბეგრი ბაზის სრულ ცვლილებას შეეხება. საგადასახადო ტვირთი კი, საკმაოდ მაღალი იქნება.