ბიზნესი
27/08/2021

გალერია თბილისი VS Colliers - როგორ დასრულდა სასამართლო დავა

სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისსა“ და „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ შორის დავა მორიგებით დასრულდა - გასულ წელს მიმდინარე დავის დეტალები კომპანიამ გაასაჯაროვა.

დავა მხარეებს შორის 2019 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის კომპანიისგან „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ ექსკლუზიური საბროკერო სერვისის შეწყვეტის გამო ანაზღაურებას ითხოვდა. „გალერია თბილისმა“ კი, სასამართლოს საპასუხო სარჩელით მიმართა და გადახდილი ავანსის ანაზღაურება მოითხოვა.

თავდაპირველი მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოში შეადგენდა 468 295 დოლარს, ხოლო საპასუხო მოთხოვნის თანხა 165 000 დოლარს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საპასუხო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ“, - აღნიშნულია „გალერია თბილისის“ ანგარიშგებაში.

საბოლოოდ, 2020 13 ნოემბერს,  დავა  მორიგებით დასრულდა და მხარეებმა მთლიანად და უპირობოდ უარი თქვეს თავიანთ მოთხოვნებზე. შესაბამისად,  „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიასთან“ გადახდილმა ავანსმა 386 ათასი ლარი შეადგინა.  

Businesspartner