ბიზნესი
22/07/2021

გაიაფებული "ბორჯომი ლიკანის" აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს 11 დღე რჩებათ

ინვესტორებს სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ იჯარით ასაღებად ინტერესის გამოსახატად 11 დღე დარჩათ.

საპარტნიორო ფონდი შესყიდვის უფლებით, სასტუმროს აქტივების 10-წლიან აღნაგობა/იჯარის აუქციონს 2 აგვისტოს, 14:00 საათზე, „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში გამართავს.

სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 24 041 861 აშშ დოლარია.

აღსანიშნავია, რომ ეს წარმოადგენს მხოლოდ შესყიდვის შემთხვევაში გადასახდელ თანხას და არა - იჯარის ან აღნაგობის საფასურს. იჯარის და აღნაგობის წლიური ქირა/საფასურია აუქციონში დაფიქსირებული შესყიდვის ფასის 8% იქნება.

სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ კუთვნილებაში 156600.00 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის. „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში რჩება მიმდებარე მიწის ნაკვეთი - 234425.00 კვ.მ, მისი შემდგომი განვითარების მიზნით, ფონდი მზადაა, ინვესტორების დაინტერესების შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტები განიხილოს.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ტერიტორიას ესაზღვრება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული „რომანოვების სასახლე“ და 8 ჰა-მდე ისტორიული პარკი, სადაც რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესის დასრულებისთანავე იგეგმება მასშტაბური სამუზეუმო კომპლექსის შექმნა.

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელია, ხოლო მოცემული საჯარო აუქციონი რიგით მესამეა. 2019-2020 წლებში გამოცხადებული აუქციონები ვერ შედგა მონაწილეების არარსებობის გამო.

 

 

Businesspartner