გაძვირდება თუ არა სალამაზის სალონების მომსახურება - ფედერაციის განმარტება
რუსეთ-უკრაინის ომმა და მის შედეგად წარმოქმნილმა პრობლემებმა საქართველოს სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების ბაზარზეც იმოქმედა.
სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების ფედერაციის ხელმძღვანელი თამარ შარაშენიძე “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სილამაზის სალონები სახარჯი მასალების იმპორტს ძირითადად, რუსეთიდან და უკრაინიდან ახორციელებდა. შექმნილ სიტუაციაში პროცესი შეჩერებულია, იმპორტიორები კი ალტერნატიული ბაზრების მოძიების პროცესში არიან. განიხილება ევროპული ბაზრები.
„ალტერნატიული ქვეყნებიდან პროდუქციის შემოტანა პროდუქციის თვითღირებულებას გააძვირებს, რაც საბოლოო ჯამში სალონურ მომსახურებზე ფასების ზრდის წინაპირობა გახდება. მაგალითად, ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით თუ პროდუქტი 200 ლარი ღირდა და პროცედურას 300 ლარად აკეთებდნენ, ანალოგიური პროდუქტის ფასი თუ გაიზრდება 250 ლარამდე, პროცედურის ფასიც 50 ლარით გაიზრდება.
ევროპელ მწარმოებლებს უკრაინაში ძალიან ბევრი წარმოება ჰქონდათ გადმოტანილი. აღნიშნულ ქვეყანაში პროდუქციის წარმოების ხარჯი ბევრად ნაკლები იყო ვიდრე ევროპაში,“-აცხადებს შარაშენიძე.
შარაშენიძის განცხადებით, ქვეყანაში სალონური პროდუქციის, მათ შორის, საღებავების და შამპუნების მარაგები არის და ამ დროისთვის დეფიციტის რისკი არ დგას.
„თმის მომსახურების პროდუქტები, ფრჩხილის ლაქები და ესთეტიკური მომსახურების პროდუქტები, ეს ყველაფერი ძირითადად, ამ ორი ქვეყნიდან შემოდიოდა. ელემენტარული, „ლორიალის“ ბრენდი რომ ავიღოთ, ესეც კი უკრაინის ბაზრიდან შემოდიოდა. ყველაზე ნაკლები წილი ესთეტიკური მედიცინის მიმართულებითაა. ამ შემთხვევაში შემომტანები მანც ევროპული, კორეული და ჩინური კომპანიები არიან,“ - აცხადებს შარაშენიძე.
მისი განცხაებით, სექტორი ამ დროისთვის კერძო სექტორი სერვისსა და მომსახურებაზე ფასებს მაქსიმალურად ინარჩუნებს და ამას მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე აკეთებს.
„ბოლო პერიოდში ძალიან გაძვირდა ნებისმიერი პროცედურის თვითღირებულება გამომდინარე იქიდან, რომ გაძვირდა პროდუქცია, გაიზარდა გადასახადები, ბიზნესს გაუძვირდა კომუნალური გადასახადები, შესაბამისად, გააძვირა სერვისი და მომსახურება.
ფასებს ვერ ვზრდით, გამომდინარე ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან. საბოლოო ჯამში შედეეგი გვაქვს ის, რომ დაზარალებულია ბიზნესი გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო,“-აცხადებს შარაშენიძე.
გაზრდილი თვითღირებულების და ხარჯის პირობებში, როდესაც სექტორი ვერ ზრდის ფასს, რამდენად შესაძლებელია ბიზნესისთვის ოპერირება, შარაშენიძე აცხადებს, რომ რთულია, თუმცა, სექტორი თავის გატანის რეჟიმშია.