ბიზნესი
26/11/2020

გადაწყვეტილება დამანგრეველია, როგორც სარესტორნო ბიზნესთვის, ასევე ქვეყნისთვის - რესტორატორთა ასოციაცია

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით,პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. ამ თემაზე „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძე ესაუბრა.

„გატანის სერვისზე გადასვლას რეალურად არანაირი მნიშვნელობა და შედეგი არ ექნება.თანაც საქართველოში ეს სფერო კარგად ათვისებული არ არის, განსაკუთრებით, ბათუმსა და ქუთაისში. ასეთი მკაცრი გადაწყვეტილებებით მხოლოდ სარესტორნო ბიზნესი კი არა ქვეყანა ნადგურდება. ბევრი რესტორანი გაკოტრდება, რადგან რამდენიმე თვით ფუნქციონირების აკრძალვას ვერ გაუძლებენ. დაკეტვებს არანაირ შედეგი არ მოაქვს, ეს უკვე გამოჩნდა. ჩემთვის გაუგებარია, ეს გადაწყვეტილება. ქეისებიც ამას მოწმობს და მგონია, რომ მსგავს აკრძალვებს პიარ აქციის ფუნქცია უფრო აქვს. კრიზისი არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ უგრძვნია.“– აღნიშნავს კოტე გაბრიჩიძე.

ასოციაციაში ამბობენ, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან, პრემიერ მინისტრთან, ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრების შემდეგ დადებითი რაც მოხდა იყო საანკო ვალდებულებების დაფინანსება, რაც პროცენტის დაფინანსებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.დროებით იხურება სავაჭრო ცენტრები (მოლები), ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

 

 

Businesspartner