ბიზნესი
24/03/2020

გადამზიდავები კრიზისის წინაშე – კომპანიები გზავნილების ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებას ელიან

გადამზიდავი კომპანიები საქართველოში გზავნილების ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებას ელიან.

„ინექს გრუპის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, ამანათების მიღება თითქმის ყველა ქვეყნიდან გართულებულია. ამ ეტაპზე გზავნილები შეუფერხებლად მხოლოდ დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკიდან იგზავნება. კომპანიის განმარტებით, სხვადასხვა ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინისა და გადაადგილების შეზღუდვის გამო, პრობლემად რჩება როგორც ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი პერსონალური, ისე ონლაინ ამანათების ქვეყანაში შემოსვლა.

ბოლო მონაცემებით, ორი სატვირთო ტრაილერი, რომელშიც დაახლოებით 5 000 ამანათია, თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზეა გაჩერებული. „ინექს გრუპში“ ამ დრომდე არ იციან, როდის მოხდება ტვირთის საქართველოში შემოტანა.

„პერსონალური ამანათები ჩვენთან ძირითადად იტალიიდან და საბერძნეთიდან იგზავნებოდა. ტვირთები, რომლის ტრანსპორტირება იტალიაში კარანტინის გამოცხადებამდე მოხდა, ახლა თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზეა გაჩერებული. გზავნილები შეფერხდა იმის გამო, რომ მძღოლებს თურქეთში შესვლამდე ორკვირიანი საკარანტინე პერიოდის გავლა დაევალათ. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ მძოლს უკვე გაუვიდა კარანტინის ვადა, მას მაინც არ უშვებენ თურქეთის ტერიტორიაზე,“-აცხადებს გიორგი კაპანაძე.

რაც შეეხება საბერძნეთს, „ინექს გრუპის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, საბერძნეთიდან ბოლო ტრაილერი ჩამოვიდა და ახალი ტვირთების გამოგზავნა აღარ ხდება. ანალოგიური სიტუაციაა ისრაელშიც, საიდანაც გიორგი კაპანაძის განმარტებით, ამანათებით დატვირთული ბოლო ტრაილერი წინა კვირას გამოიგზავნა, როდის შემოვა ტვირთი საქართველოში, უცნობია.

„აქვე მინდა აუცილებლად განვმარტო, რომ გზავნილები ჩამოვა, დაკარგვის საფრთხე, რა თქმა უნდა, არ არსებობს, თუმცა როდის, ეს უკვე ჩვენზე არ არის დამოკიდებული,“ – აცხადებს გიორგი კაპანაზე.

მისივე განმარტებით, პრობლემა ონლაინ ამანათებსაც შეეხო. გერმანიიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან ამ ტიპის გზავნილებიც შეჩერებულია. რაც შეეხება ამერიკასა და დიდ ბრიტანეთს, „ინექს გრუპის“ ინფორმაციით, ამ ორი ქვეყნიდან ჯერ-ჯერობით, ამანათები შეუფერხებლად იგზავნება.

გადამზიდავ კომპანიებში გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, თუმცა ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ არ არის მინიმუმი. ლარის კურსის გაუფასურებაც ხელს უწყობს იმას, რომ მომხმარებლები ნივთების გამოწერისგან იმ ქვეყნებიდანაც იკავებენ თავს, სადაც ტვირთების გამოგზავნასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის.“ -განმარტავენ „ინექს გრუპში.“

მიუხედავად გზავნილების რაოდენობის შემცირებისა, ამ დროისთვის კომპანიას რომელიმე ფილიალის დახურვის გადაწყვეტილება არ მიუღია. „ინექს გრუპის“ ოფისები საქართველოს მასშტაბით შეზღუდული გრაფიკით მუშაობს. მომხმარებელთა ნაკადის შემცირების მიზნით კი გააქტიურებულია საკურიერო მომსახურება.

Businesspartner