ბიზნესი
16/11/2021

ფრანგი ინვესტორები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს გაეცნენ

საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და ქვეყნის ბიზნესგარემო გააცნო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგ მეწარმეთა გაერთიანების წევრებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ინვესტორებს საქართველოს მთავრობის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ.

პრემიერმა საქართველოს უნიკალურ მდებარეობაზე, სტრატეგიულ ურთიერთობებსა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე აღნიშნა ევროკავშირთან, დსთ-ის ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან, რაც უცხოელ ინვესტორებს მრავალმილიონიან ბაზრებზე თავისუფლად წვდომის საშუალებას აძლევს.

პრემიერის შეფასებით, ფრანგ ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაცია ადასტურებს საფრანგეთის დიდ ინტერესს ქართული ბაზრისადმი, რაც მისასალმებელი და დასაფასებელია.

ფრანგ მეწარმეთა გაერთიანების დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, საინჟინრო, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში მოღვაწე ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში პოტენციურ საინვესტიციო პროექტებს სწავლობენ. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მათი სექტორული შეხვედრები სხვადასხვა უწყებებთან.

 

Businesspartner