ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგური იხსნება - ახალი ტერმინალის მშენებლობის პირველი ფაზა სრულდება
ფოთის პორტში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის პირველი ფაზა თითქმის დასრულებულია, ახალი ტერმინალი ოფიციალურად 29 იანვარს გაიხსნება.
როგორც „პეის ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, პროექტში საერთო ჯამში 93 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
„პირველი ფაზა მოიცავდა ნავსადგურის მშენებლობას. რომელშიც შედის ჰიდროტექნიკური ნაგებობები. ახალი ნავმისადგომის სიგრძეა 250 მეტრი და სიღრმე 13 მეტრი. ნავსადგური 50 ათას ტონიანი ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს. ეს იქნება პირველი პრეცედენტი საქართველოს პორტებში, როცა ამხელა გემების მიღება იქნება შესაძლებელი. ნავსადგური გათვლილია ყველა სახის მშრალი, ნაყარი და გენერალური ტვირთებისათვის. აქცენტი კი ძირითადად მინერალურ სასუქებზე გაკეთდება. დღეისათვის ჩვენს ნავსადგურებში წლიურად ნახევარი მილიონი ტონა მინერალური სასუქების ტრანსპორტირება ხდება და ვფიქრობთ, ეს მოცულობები გაიზრდება,“ - აღნიშნა ირაკლი თათეიშვილმა.
მისივე განმარტებით, პირველი ფაზის წარმადობა იქნება 3 მლნ ტვირთი წელიწადში.
„აქ შედის მინერალური სასუქები, მანგანეცი, მშრალი ტვირთები. ასევე, ამ ნავსადგურს საშუალება ექნება დაამუშავოს კონტეინერები. რაც შეეხება ინვესტიციას, პირველ ფაზაში 50 მლნ დოლარი ამერიკის მთავრობის საფინანსო ინსტიტუტის, DFC-ის კონტრიბუციაა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე დიდი სესხი, რომელიც ერთჯერადად გაუცია DFC-ის. ეს თანხა შემოვიდა უკვე და ათვისებულია, დანარჩენი 43 მლნ დოლარი კი „პეის ჯგუფის“ კონტრიბუციაა,“ - განმარტა ირაკლი თათეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "პეის ჯორჯია" ფოთის პორტში APM-Terminal-ის კუთვნილ 8 ნავმისადგომს უწევს ოპერირებას, კომპანიას ნავმისადგომები იჯარით აქვს არებული.