ბიზნესი
07/04/2021

Forsa Express: ამ ეტაპზე ონლაინ ვაჭრობის განბაჟების ზღვრის გაორმაგებაც კი დიდი შეღავათი იქნება

ამანათების გადამზიდი კომპანიის Forsa Express-ის დამფუძნებლის თქმით, ონლაინ ვაჭრობაზე დაწესებული განბაჟების ზღვარი დიდიხანია განხილვის საკითხია. მით უმეტეს, ახლა, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაუფასურდა.

„ჩვენი კომპანიის პოზიცია და მომხმარებლის ინტერესია განბაჟების ზღვრის გაზრდა, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია რამდენიმე ნივთის გამოწერა. მომხმარებელი შეზღუდულია, მაშინ როდესაც ისედაც გაზრდილია პროდუქტის თვითღირებულება და განბაჟების შემდეგ შესაძლოა პროდუქტი ხელმისაწვდომი აღარ იყოს მომხმარებლისთვის. ამ საკითხმა დიდი აჟიოტაჯი გამოიწვია, რადგან მხოლოდ იურიდიულ პირს არ ეხება, უკვე ყველას ინტერესშია. თუ 1500 ლარამდე არ გაიზრდება განბაჟების ზღვარი, კარგი იქნება გაორმაგდეს მაინც. ამ ეტაპზე, 300 ლარად მხოლოდ 87 დოლარის პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი.

21-ე საუკუნეში მსოფლიო ონლაინ ვაჭრობაზეა გადასული და ამ მხრივ მეტი ინფორმირებულობაა საჭირო, რომ მომხმარებელს დამატებითი პრობლემები არ შეექმნას. მაგალითად, არ მოუწიოს იმის დამტკიცება, რომ კონკრეტული ნივთი საკუთარი თავისთვის გამოიწერა და არა კომერციული დანიშნულებით,“ – აღნიშნავს ნინო ახობაძე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა გადამზიდ კომპანიებს შორის მოლაპარაკება არ ყოფილა და სახელმწიფოს მხრიდან ელოდებიან რეაგირებას.

შეგახსენებთ, რომ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საქართველოს მთავრობას და ახლად დანიშნულ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მოუწოდებს ონლაინ ვაჭრობის დაწესებული განბაჟების ზღვარი 1500 ლარამდე გაზარდოს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ლარის დრამატული გაუფასურების და გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, საქართველოს მოქალაქეების მსყიდველობითუნარიანობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. შესაბამისად, არსებული განბაჟების გადასახადი ონლაინ ვაჭრობით დაკავებულ პირებს კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აყენებს.

ინფორმაციისთვის, Forsa Express 8 წელზე მეტია ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებლებისთვის უმოკლეს ვადებში, ტვირთების ჩინეთიდან და თურქეთიდან საქართველოში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.