ბიზნესი
26/11/2020

“ფინანსური კოლაფსის წინაშე ვართ, ზარალი უზარმაზარია“ - ოკტოპუს-ფიტნეს კლუბი

მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის ფარგლებშიც  ქვეყანაში ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა იზღუდება „ოკტოპუს - ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი აფასებს. მისი თქმით, კომპანიას გზა აქვს მოჭრილი, რომ მინიმალური შემოსავალი მაინც მიიღოს და თანამშრომლების შენარჩუნება შეძლოს.  

„გასაგებია, ქვეყანაში მძიმე ეპიდსიტუაციაა, მაგრამ მეორე მხარეს დგას ეკონომიკა და ბიზნესი. 6 თვე ვიყავით დაკეტილები, ახლა კიდევ 2 თვე დაემატება. ეს ფინანსურ კოლაფსს ქმნის. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან მივიღოთ რაიმე სახის დახმარება, ეს იქნება საგადასახადო თუ სესხის სუბსიდირების შეღავათები.

ჩვენ, რომლებიც ყველაზე მეტად  დაზარალებულები ვართ, არაფერი შეგვხებია, არც შეხვედრა გვქონია მთავრობის წარმომადგენლებთან. ზარალი უზარმაზარია, კომპანია გააგრძელებს თუ არა ფუნქციონირებას კითხვის ნიშნის ქვეშაა. თანამშრომლების შენარჩუნება რთული იქნება, ისევე, როგორც ხელახლა გახსნა. ანალოგიურ სიტუაციაში არიან სხვა ფიტნეს კლუბები. ჩვენ რა ზიანიც მოგვადგა, მსგავსი არცერთ ინდუსტრიას ჰქონია, რადგან ყველა სფერო ახერხებს ალტერნატიული ფორმით  მუშაობის გაგრძელებას“, – აღნიშნავს გიორგი ასათიანი.

Businesspartner