ფეროშენადნობების გლობალურ მაზარზე კრიზისის ნიშნებია - რა მდგომარეობაა ქართულ კომპანიებში
რუსეთ-უკრაინის გახანგრძლივებული ომის ფონზე, ფეროშენადნობების გლობალურ ბაზარზე კრიზისის ნიშნებია. ბოლო პერიოდის განმავლობაში მცირდება ფასები, რაც პრობლემებს უქმნის ქართველ მწარმოებლებსაც.
როგორც ფეროშენადნობთა ასოციაციის პრეზიდენტი ნუგზარ კევლიშვილი "ბიზნესპარტნიორის" გადაცემაში აცხადებს, რუსეთი და უკრაინა მსხვილი მიმწოდებლები არიან. ომმა კი, მცირე პანიკა შექმნა. ევროპაში ყველა დიდი პროექტი, სადაც მეტალი უნდა მოიხმარონ, გაჩერებულია.
"სიტუაცია საკმაოდ კარგად ვითარდებოდა. პანდემიის პერიოდიდან, პოსტპანდემიურ პერიოდშიც ქართულ ფეროშენადნობებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა იყო. ფასიც მაღალი იყო. პირველ კვარტალში ფასმა რეკორდულ ნიშნულსაც კი მიაღწია. რუსეთ-უკრაინის მოვლენებმა მცირე პანიკა შექმნა, კომპანიებმა მარაგების შექმნა დაიწყეს, რადგან გაურკვეველი იყო, ლოგისტიკა როგორ მოხდებოდა. უკრაინა და რუსეთი უდიდესი მწარმოებლები არიან. ამ ეტაპზე უკრაინაში წარმოება მინიმუმზეა დაყვანილი, პრაქტიკულად გაჩერებულიც კი არის. ევროპაშიც შემცირდა მოთხოვნა. ევროპაში ყველა დიდი პროექტი შეჩერებულია, სადაც მეტალი უნდა მოიხმარონ. შეჩერებულია გაურკვევლობის გამო. საომარი მოქმედებები ძალიან გაჭიანურდა და არავინ იცის, როდის მორჩება ეს ყველაფერი. შესაბამისად, ბიზნესის წარმომადგენლებს დიდი ინვესტიციების განხორციელება ნაკლებად უნდათ. შემცირდა მეტალის მოხმარება", - აღნიშნა ნუგზარ კევლიშვილმა.
მისი თქმით, არსებულმა სიტუაციამ რა თქმა უნდა უარყოფითი გავლენა მოახდინა ქართული კომპანიებისთვისაც. ამ ბიზნესში დაახლოებით 25 ქართული კომპანიაა, დასაქმებულია 20 000-მდე ადამიანი.
"თებერვლის ბოლოდან დღემდე ფასები თითქმის განახევრებულია. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ეს დაბალი ფასია და ამაზე დაბალი არ ყოფილა, მაგრამ ფასის კლების ტენდენცია გრძელდება. არავინ იცი, მინიმუმი რა იქნება. ამ ბიზნესში რისკი რა თქმა უნდა არის. რომ წარმოვიდგინოთ დიაგრამა, ხან აღმავალია, ხან დაღმავალი. ჩვენ ამას შეჩვეულები ვართ და არ ვუშინდებით. მაგრამ, ბუნდოვანია, როდის იქნება აღმავალი ბაზარი. ეს მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული", - აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი.
ნუგზარ კევლიშვილის თქმით, ქართული პროდუქცია მაღალი ხარისხისაა და მსოფლიოში ძალიან კონკურენტუნარიანი.
"ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველთვის იყო, არის და იმედია, იქნება. მაგრამ, რა იქნება მომავალში, ამის თქმა ცოტა რთულია. ახლა გვშველის ის პერიოდი, რომ ზაფხულია და ელექტროენერგიის ფასები ჩვენს ქვეყანაში დაბალია. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, შეიძლება ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდეს, შეძლებენ თუ არა წარმოების გაგრძელებას.
ფეროშენადნობებზე ფასმა დაღმასვლა დაიწყო, შესაბამისად, ამას უნდა მოჰყვეს ფასის დაღმასვლა ნედლეულზეც",- აღნიშნა ნუგზარ კევლიშვილმა.
მისი განცხადებით, ფეროშენადნობები ქართულ ეკონომიკურ სივრცეში ერთ-ერთი ფლაგმანია.
"ძალიან მნიშვნელოვანი როლი გვიჭირავს. ერთ-ერთი მყარი მოთამაშე ვართ მსოფლიო ბაზარზე", - აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი.
ფეროშენადნობები წამყვან საექსპორტო კალათაში მეორე პოზიციაზეა და მისი წილი მთლიან ექსპორტში თითქმის 18%-ია, ერთი განმავლობაში ექსპორტი გაორმაგებულია და 280 მლნ დოლარს აღწევს.