ფეხსაცმელების ქართულმა ბრენდმა CROSTY წარმოება იტალიაში გადაიტანა
ფეხსაცმელების ქართულმა ბრენდმა CROSTY წარმოება საქართველოდან (ქუთაისი) იტალიაში გადაიტანა. კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი მიქაია „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ახლა ქართული ბრენდი CROSTY-ს სლოგანია "დაბადებულია საქართველოში და წარმოებულია იტალიაში".
მისი თქმით, წარმოება იქნება ყოველთვის იტალიაში, ხოლო ოპერირება საქართველოდან მოხდება.
„თავიდანვე ვქმნიდით გლობალურ ბრენდს და ვიცოდით, რომ ასე მოგვიწევდა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენი მისიაა გავუწიოთ დიდ ბრენდებს კონკურენცია, გავხდეთ გლობალური ბრენდი და მოვნიშნოთ საქართველო მსოფლიო მოდის რუკაზე,“ - აცხადებს გიორგი მიქაია.
რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ მიიღო კომპანიამ ეს გადაწყვეტილება, მიქაია აღნიშნავს, რომ საქართველოში ამ სფეროში საკმაოდ ბევრი პრობლემაა, შესაბამისად, ქართული წარმოება კომპანიის ზრდის ტემპისა და მოცულობებისთვის მზად არ აღმოჩნდა.
„დიდი ძალისხმევით შევძელით, რომ მიგვეღო ის ხარისხი, რაც გვინდოდა. სამწუხაროა, რომ მოცულობების წარმოება ჯერ საქართველოში ვერ ხერხდება. დაახლოებით 6 თვეა რაც წარმოების გადატანის პროცესი მიმდინარეობს,“ - აცხადებს გიორგი მიქაია.
მისი ინფორმაციით, პრობლემას ქმნის პროფესიონალი კადრის სიმცირეც.
„წარმადობის გარკვეულ დონეზე საქართველოში რესურსები არსებობს, იმის იქით არა. საქართველოში ალბათ არ არიან დაინტერესებულნი ამ მიმართულებით განვითარდნენ, ცოტა კადრია წარმოების გასაფართოვებლად. ჩვენ როდესაც ფეხსაცმელებს ქუთაისში ვაწარმოებდით, გვყვავდა ორი კონტრაქტორი საწარმო, რომელთანაც ჩვენი სტანდარტები დავნერგეთ.
ჩვენ ინდუსტრიაში ბრენდი და წარმოება ორი სხვადასხვა ბიზნესია. შესაბამისად, ყველა ბრენდს ჰყავს თავისი საწარმო, სადაც მუშაობს და ამით ახდენს წარმადობის ზრდას. იგივეა იტალიაში, ერთ საწარმოს არ შეუძლია უზრუნველყოს მთლიანი წარმოება. საქართველოში 2 საწარმო იყო, რომელსაც ჰქონდა რესურსები ჩვენს მაშინდელ წარმადობას მომსახურებოდა, მაგრამ დღეს უჭირთ.
დიდი რაოდენობის შემთხვევაში ხარისხის შენარჩუნება უჭირთ, ამაზე დამატებითი ძალები გვესაჭიროებოდა, გვჭირდებოდა ხარისხის კონტროლის სისტემის და მენეჯმენტის დანერგვა, რაზეც ზედმეტი რესურსი მიდიოდა,“ - აცხადებს გიორგი მიქაია.
CROSTY-ს თანადამფუძნებელი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიის მიზანი წარმადობის ზრდის უსაფრთხოების მოპოვება იყო, რაც საქართველოში ვერ ხერხებოდა. მიქაია აცხადებს, რომ წარმოების იტალიაში გადატანამ ეს პრობლემა მოაგვარა. მისი ინფორმაციით, იტალიაში წარმადობის ზრდის უამრავი რესურსია.
„ვმუშაობთ რამდენიმე საწარმოსთან ერთად, ვიზრდებით და ამაზე ფიქრი აღარ გვიწევს. ახლა ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მასშტაბირებაზე. გვინდა სხვადასხვა ქალაქში გავხსნათ ჩვენი ბრენდული მაღაზიები. მომავალი რამდენიმე წელი ამ მიმართულებით ვიმუშავებთ,“ - აცხადებს გიორგი მიქაია.
CROSTY-ს შექმნის იდეა ორ ძმას ეკუთვნის. კომპანიამ 2016 წლის ნოემბერში ოფიციალურად დაიწყო სპორტული ფეხსაცმლის გაყიდვები და ექსპორტზეც გავიდა. კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ნიშურ სეგმენტში კონკურენციას მსოფლიოს ცნობილ ბრენდებსაც უწევენ. ქართველი მომხმარებლისთვის ფეხსაცმლის ფასები 500-დან 950-ლარამდე მერყეობს. კედების დიზაინი ძირითადად დამფუძნებლების მიერ იქმნება.
Crosty მოირგო არაერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა, მათ შორის არიან სტეფან კარი, სინდი ბრუნა, პატრიკ შვარცნეგერი, კლეი ტომფსონი და სხვები.