ფასებისა და ხარისხის შენარჩუნებას ვცდილობთ - ხელნაკეთი სათამაშოების კომპანია "ეიკო"
„ეიკო“ მომხმარებლებს ხის ხელნაკეთ, შემეცნებით სათამაშოებს სთავაზობს. პროდუქციის ძირითადი ნაწილი ასაწყობი ტიპის არის, რაც ავითარებს ბავშვის მოტორიკასა და გონებრივ შესაძლებლობებს.
კომპანიის თანადამფუძნებელი საბა ღუდუშაური "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ „ეიკოს“ პროდუქცია თბილისის ცენტრში არსებულ სახელოსნოში მზადდება. წარმოებაში გაშვებულია ბრაილის შრიფტის მქონე სათამაშოებიც, რომელიც გათვლილია უსინათლოებისა და მცირედმხედველი პირებისთვის.
„რაც შეეხება პანდემიას, ვცდილობთ შემცირებული შემოსავლებისა და გაზრდილი ხარჯების მიუხედავად ფასები და წარმოების ხარისხი შევინარჩუნოთ. ზარალის დათვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია, გაყიდვები 60%-ით შემცირდა. იმის გამო, რომ სრულად ვართ დამოკიდებული იმპორტზე, დოლარის გამყარებასთან ერთად მუდმივად იზრდება ფასი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კომპანიის წმინდა მოგებას. ამ ეტაპზე, მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ვყიდით, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებული პროდუქციის დიდი ნაწილი მოდის უცხოელებზე. ამ პერიოდში კი ეს სეგმენტი ფაქტობრივად სრულად დავკარგეთ,“– აღნიშნავს საბა ღუდუშაური.
„ეიკო“ მომხმარებლებს პერიოდულად საინტერესო აქციებს სთავაზობს. სათამაშოების შეძენა სოციალური ქსელის მეშვეუბით ან ვებ–გვერდზეა შესაძლებელი. ბრენდი გათვლილია საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტის მომხმარებლებლებზე. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 100 000 – 150 000 ლარია.
„ამ ეტაპზე სიახლეების ძიებაში ვართ, რომ მიმდინარე მდგომარეობიდან კომპანია მაქსიმალურად მცირე დანაკარგებით გამოვიდეს და კვლავ განაგრძოს განვითარება. კონკრეტული გეგმები ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა ვმუშაობთ ახალ იდეებზე,“– ამბობს „ეიკოს“ თანადამფუძნებელი.