ბიზნესი
07/12/2022

"ევროპაში წარწერა Made in Georgia უკვე მაღალ ხარისხს ნიშნავს" - საბავშვო სამოსის მწარმოებელთა მიღწევები

საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული კომპანიებით, მსოფლიოს მასშტაბით, სულ უფრო მეტი ქვეყანა ინტერესდება. შედეგად, იზრდება როგორც საექსპორტი ქვეყნების სია, ისე გასაყიდად გატანილი სამოსის მოცულობა და ღირებულებაც.

სექტორის სწრაფად მზარდი პოტენციალიდან გამომდინარე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ქართული კომპანიები საკუთარი პროდუქციით სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზეც არიან წარმოდგენილნი.

საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, დანია, ჩინეთი და იაპონია - იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც ქართულ საბავშვო სამოსზე მოთხოვნა ყოველწიულად იზრდება. ახალი ბაზრების ათვისების მიზნით, ზოგიერთი ქართული ბრენდი მოლაპარაკებებს გალფის ქვეყნებათანაც აწარმოებს.

კომპანია „ლიმოს“ დამფუძნებელი ნინო გიორგაძე „ბიზნესპარტნიორს“ უყვება, რომ საბავშვო ტანსაცმლის ბიზნესი დღეს საქართველოში ხარისხის კუთხით ძალიან გაზრდილია. „შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპული ხარისხი უკვე აღარვის უკვირს საქართველოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ხელშეწყობის კუთხით DCFT, რომელიც გულისხმობს თავისუფალ ვაჭრობას ქართული პროდუქციისთვის და ნულოვან საბაჟო გადასახადს. ასევე დიაგონალური კუმულაცია არის ის პრიორიტეტი, რომელიც ახლახანს ამოქმედდა და  უკვე აქტიურად ვიყენებთ“, - ამბობს ნინო გიორგაძე.

საქართველოში წარმოებული ტანსაცმელი გასაკუთრებით მოთხოვნადი ევროპაშია. როგორც ქართულ კომპანიებში ამბობენ, აქ წარწერა „მეიდ ინ ჯორჯია“ უკვე მაღალ ხარისხს ნიშნავს -  იმისთვის, რომ პროდუქცია ევროპულ ქვეყნებში შეიტანო, უნდა პასუხობდე ევროპულ სტანდარტებს. მეტიც, საქართველო, როგორც საბავშვო სამოსის მწარმოებელი, გარკვეული დოზით, კონკურენციას უწევს ისეთ გიგანტ ქვეყანასაც კი, როგორიც ჩინეთია.

„რკოს“ თანადამფუძნებელი თამარ მესარკიშვილი გვიყვება, რომ უცხოელ პარტნიორებთან რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. „ის კი არ არის, რომ ერთჯერადად ხდება შეკვეთა და ტანსაცმლის გაგზავნა, აწყობილი ურთიერთობები გვაქვს ძველ კონტრაქტორებთან და მაგალითად, 4 წლის წინ ვინც შეგვიკვეთა პირველად „რკოს“ სამოსი, იმ ხალხთან დღემდე ვთანამშრომლობთ. პარალელურად, ვეძებთ ახალ ბრენდებსა და პარტნიორებსაც“, - აღნიშნა თამარ მესარკიშვილმა.

„ლიმოს“ დამფუძნებელი ნინო გიორგაძე კი იმ უპირატესობებზე საუბრობს, რითაც ქართული წარმოების სამოსი საერთაშორისო ბაზრებზე ყურადღებას იქცევს. „ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებს, ძირითადად, აინტერესებთ მცირე რაოდენობა, მაღალი ხარისხი, დროული მიწოდება, რაც შეიძლება რომ ჩინურმა მიმწოდებლებმა ვერ უზრუნველყონ. შესაბამისად, განსხვავებული დიზაინი, გამორჩეული ფერთა სინთეზი, რაც აქვს ქართულ პროდუქციას, ნამდვილად არის ის პრიორიტეტი, რამაც შეგვიყვანა ჩვენ ევროპის ბაზარზე“, - განმარტავს ნინო გიორგაძე.

მიუხედავად საექსპორტო ბაზრებზე მიღწეული წარმატებისა, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი გზა, ქართული კომპანიებისთვის სირთულეებით სავსეა. მათთვის დღემდე გამოწვევად რჩება ნედლეულზე ხელმისაწვდომობა, რადგან ქვეყანაში ტექსტილის წარმოებისთვის საჭირო მასალის დეფიციტია, შესაბამისად, მისი იმპორტი ჩინეთიდან და თურქეთიდან ხორციელდება. გამოწვევებს შორისაა კვალიფიციური კადრების დეფიციტი და ლოგისტიკასთან დაკავშირებული საკითხიც.

„ძალიან კარგი იქნება თუ დაგვეხმარებიან ტრანსპორტირების ნაწილის აწყობაში, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი უნდა შეასრულო ვადაში, უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი პროდუქცია როგორც კი გაიგზავნება საზღვარგარეთ, იქ ისეთი ფასი არ შევთავაზოთ გაგზავნისა, რომ თვითონ ამ შეკვეთაზე თქვან უარი. ძალიან დიდი გამოწვევაა ტრანსპორტირება, ლოგისტიკა, რაც ძალიან ასაწყობია საქართველოში“, - განმარტა თამარ მესარკიშვილმა.

ცნობისთვის, ადგილობრივი ბიზნესის ხელშესაწყობად, სამთავრობო პროგრამაც ხორციელდება. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების მხარდაჭერით, პერიოდულად, საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული კომპანიები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში, სადაც პოტენციურ მყიდველებთან ბიზნესკავშირებს ამყარებენ და გაყიდვების არეალს კიდევ უფრო აფართოებენ.

Businesspartner