ბიზნესი
18/01/2022

ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია

ევროკომისიის EU 2022/34 რეგულაციით, საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად გატარდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით არაერთი ღონისძიება, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მომზადდა.

სამინისტრო დასძენს, რომ საქართველოში ლოკოკინების წარმოების განვითარების ხელშემწყობი არაერთი პროექტი განხორციელდა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ჯამში, ლოკოკინას წარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით 10 მლნ ლარზე მეტი 38 სესხია გაცემული, სოფლის განვითარების სააგენტოს გაცემულმა თანადაფინანსებამ 824 000 ლარზე მეტი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ამ რეგულაციის ფონზე ლოკოკინების მწარმოებელი კომპანია Nadi Group-ი მიმდინარე წლის სექტემბრიდან პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას გეგმავს.

კომპანია 300 ტონამდე ლოკოკინას გატანას ძირითადად საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში აპირებს. საექსპორტო მიმართულებებს შორის განიხილება ინგლისიც.

Businesspartner