ბიზნესი
03/02/2022

ესპანური Aqualia საქართველოს წყალმომარაგების სექტორში კაპიტალს აბანდებს

ესპანური კომპანია Aqualia საქართველოში ინვესტირებას იწყებს.

კომპანია Georgia Capital-ის შვილობილი Georgia Global Utilities-ის 65%-იან წილს ყიდულობს და ქვეყნის წყალმომარაგების სისტემაში კაპიტალს აბანდებს. 

ესპანური კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ფელიქს პარა მედიავილას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ Aqualia საქართველოში ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

„საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო ბიზნესგარემოს არსებობას ადასტურებს ის რომ ასეთი სტრატეგიული ინვესტიცია ხორციელდება წყლით მომარაგების სექტორში. ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის აღებული ვალდებულებები წყლის მართვასთან დაკავშირებით ევროპული დირექტივების შესაბამისად შესრულდეს. ევროპული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია წყლის რესურსების მდგრადად მართვისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფელიქს პარა მედიავილამ აღნიშნა, რომ ესპანურ კომპანიას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს წყლით მომარაგების, გასუფთავების და, ზოგადად, წყლის მართვის საკითხებში, რაც საინტერესო იქნება საქართველოში წყლის სექტორის განვითარებისთვის.

როგორც "ბიზნესპარტნიორი" იუწყებოდა, Aqualia ქართული GGU-ს 65%-იან წილს 180 მლნ დოლარად შეიძენს. ტრანზაქცია ორ საფეხურს მოიცავს და მოსალოდნელია, რომ ის 2022 წლის სექტემბრის ბოლოსთვის დაიხურება.

ესპანური კომპანია Aqualia მსოფლიო ათეულში შედის და 17-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, რომელთა შორისაა, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და პორტუგალია.

Businesspartner