ბიზნესი
26/10/2021

ესპანეთში რესტორან "არზაკში" "ჩელთის" ღვინოების გაყიდვა დაიწყო

ესპანეთში, მიშლენის 3 ვარსკვლავიან რესტორან „არზაკში“ „ჩელთის“ ქართული ღვინოების გაყიდვა უკვე დაიწყო.

როგორც საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, დაახლოებით ორი წლის წინ ესპანეთის ერთ-ერთ რეგიონ ბასკეთში გამართულ ღვინის დეგუსტაციაზე ქართული ღვინო მიშლენის რამდენიმე ვარსკვლავის მფლობელმა რესტორნებმა და მათმა სომელიებმა მოიწონეს. სწორედ აქ გადაწყდა, რომ თავიანთი რესტორნის მენიუში ქართული ღვინო აუცილებლად შევიდოდა.

„ამის შემდეგ დაიწყო პანდემია, დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში ასეთი მაღალი კლასის რესტორნებიც დაიხურა. მას შემდეგ, რაც ზაფხულიდან განახლდა ყველაფერი, დაგვიკავშირდნენ „არზაკიდან“ და გვთხოვეს, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელებულიყო. ორი კვირის წინ დასრულდა ეს მოლაპარაკებები და ქართული ღვინო „არზაკის“ მენიუში შევიდა,“ - აცხადებს გიორგაძე.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ეს ისტორიული ფაქტია, რადგან ქართული ღვინო პირველად შევიდა ესპანეთში მიშლენის სამ ვარსკვლავიანი რესტორნის მენიუში.

რესტორანი „არზაკი“ ესპანეთის ბასკეთის რეგიონის ქალაქ სან სებასტიანში მდებარეობს და მისი ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული არზაკების ოჯახთან. რესტორნის მფლობელია მსოფლიო ქალთა შორის საუკეთესო მზარეულის ტიტულის მქონე ელენა არზაკი. რესტორნის შენობა აშენდა 1897 წელს. 1989 წელს კი მიშლენის მესამე ვარსკვლავი მიენიჭა.

რაც შეეხება „ჩელთის“, კომპანია ყვარელში, სოფელ შილდაში მდებარეობს. 80 ჰექტარზე მეღვინეობა „ჩელთის“ ვენახი, ხეხილის ბაღები, ტრადიციული მარნები, ბოთლების საძველე და ტურისტული კომპლექსია გაშენებული.

ღვინის ქარხანა წელიწადში ნახევარ მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს. ათი სახეობის ღვინოს შორის ისეთ უძველეს ჯიშებსაც შეხვდებით, როგორიცაა ხიხვი და ქისი. ბიზნესი საოჯახოა და მისი დამფუძნებელი გიგა მირიანაშვილია.