ეს არის ახალი, საინტერესო მოგზაურობის დასაწყისი - Leavingstone-ი ბერლინში ოფისს ხსნის
ციფრული სააგენტო Leavingstone-ი ბერლინში ოფისს ხსნის.
კომპანიას ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნასა და საერთაშორისო გაფართოებაში ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) და ევროკავშირი უჭერს მხარს.
სტრატეგიული ცვლილებების ფონზე, ბერლინში სამუშაო ვიზიტის შედეგად, Leavingstone–ის საერთაშორისო კლიენტების რაოდენობა 2-დან 10 – მდე გაიზარდა. კომპანიამ კონტრაქტები გააფორმა ისეთ გიგანტებთან, როგორებიცაა Siemens, Zeiss, Deutsche Telekom, Netflix და Fox Broadcasting Company.
„უკვე ვმუშაობთ პირველ პროექტებზე და ვხსნით ოფისს ბერლინში. ცვლილებები მენეჯმენტის ახალ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, მკაფიო ხედვა, ადგილობრივი და გლობალური ბაზრებზე ფოკუსირება დაგვეხმარა, რთული წლის მიუხედავად, ახალ დონეზე გადასვლაში.
ეს არის ახალი, საინტერესო და რთული მოგზაურობის დასაწყისი. შევძლებთ უწყვეტ ზრდას, აქტუალურობის შენარჩუნებას და კორონავირუსის პანდემიისთან ადაპტაციას. ვამაყობთ გზით, რომელიც ავირჩიეთ და აღფრთოვანებული ვართ იმით, რაც ჯერ კიდევ წინაა. მრავალფეროვანი ნიჭი, ღია გონება, მოქნილობა - ეს ქმნის Leavingstone-ის მომავლის ოპტიმისტური ხედვის რეცეპტს,“ - აცხადებს Leavingstone–ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე ზურმუხტაშვილი.
ქართულ ციფრულ სააგენტო Leavingstone 2010 წელს ოთხმა საუკეთესო მეგობრმა მაშინ დაარსა, როდესაც ციფრული სამყარო დამკვიდრებული არ იყო. შემოქმედებითმა სააგენტომ სამახსოვრო მულტიმედიით, პარტიზანული მარკეტინგული კამპანიებითა და გასაოცარი ანაბეჭდებით მოიგო ხალხის გული და გონება და გახდა ბაზრის ლიდერი.
გამორჩეული და ორიგინალური იდეებით, Leavingstone მრავალი ჯილდოს მოპოვების შემდეგ, გახდა პირველი ქართული სააგენტო, რომელმაც შემოქმედებითი სამყაროს ოსკარი მიიღო.