ბიზნესი
29/09/2022

ემიგრაციაში წასული კადრები - ავეჯის ინდუსტრიაში ადამიანური რესურსის დეფიციტია

ხარისხიანი ნედლეულის, თანამედროვე დანადგარების და კადრების დეფიციტი - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საქართველოში ავეჯის ინდუსტრიის განვითარებას აფერხებს. სექტორი მგრძნობიარე აღმოჩნდა როგორც პანდემიის, ისე გეოპოლიტიკური მოვლენების მიმართაც. გაძვირებული ნედლეულის და ლოგისტიკური ხარჯების გამო, 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე, ავეჯზე ფასები 20-დან 25%-მდე გაიზარდა, თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში, როგორც იმპორტირებულ, ისე ადგილობრივ ავეჯზე მოთხოვნა ყოველდღიურად მზარდია.

სექტორის წარმომადგენლების თქმით, საქართველოს ავეჯის ინდუსტრია, ამჟამად, წელიწადში მილიონ ნახევარი ლარის პროდუქტს ამზადებს, თუმცა გარკვეული ხელშეწყობის და არსებული პრობლემების გადაჭრის შემთხვევაში, მას 10 მილიარდი ლარის პროდუქციის წარმოების შესაძლებლობაც აქვს. დღეისათვის, დარგში არაოფიციალურად 6000 ადამიანია დასაქმებული.

„ბიზნესპარტნიორთან“ ქართული ავეჯის კლასტერის გამგეობის თავმჯდომარე ბესიკ ვერძეული ამბობს, რომ ავეჯის წარმოება ის პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც შესაძლებელია დასაქმდეს მოსახლეობის სერიოზული ნაწილი და გახდეს პერსპექტიული დარგი ქვეყნისთვის.

„საქართველოს აქვს როგორც შიდა ბაზრის დაკმაყოფილების, ისე საექსპორტო პოტენცილი, არსებობს გარკვეული ნედლეულიც და ტრადიციებიც რომ დარგი საქართველოში იყოს პოპულარული. უკვე გვყავს რამდენიმე წარმატებული კომპანია, რომელიც ექსპორტზე მუშაობს ან გეგმავს ექსპორტზე გასვლას. ამას ხელს შეუწყობს ევროკავშირთან გამარტივებული სავაჭრო ურთიერთობებიც. ექსპორტზე ერთჯერადი გატანები ჩვენი ქვეყნიდან უკვე ხდება აზერბაიჯანში, თურქმენეთში, სომხეთში... ავეჯის ნედლეულის ნახევარფაბრიკატები კი გადის იტალიაში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, ინგლისში. ამიტომ, დარგს განვითარების პოტენციალი გააჩნია, თუმცა, დღემდე რჩება გამოწვევები. იმისთვის, რომ მუდმივი ხასიათი მიეცეს ექსპორტს, საჭიროა ქართული კომპანიები პასუხობდნენ იმ სტანდარტებს, რომლებსაც ითხოვენ ევროპის ქვეყნები. ლაპარაკია პროდუქციის ხარისხზე, მიწოდების უწყვეტობაზე, იმ ნორმების დაკმაყოფილებაზე, რომელიც მათთვის არის საინტერესო. ამ თვალსაზრისით, საქართველოში არ არის სტაბილური კომპანიები, რომლებიც მუდმივად დააკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს.

ხარისხიან პროდუქციაზე, როდესაც ვსაუბრობთ, მის მისაღებად საჭიროა კვალიფიციური კადრი, ხარისხიანი ნედლეული და თანამედროვე ტექნოლოგიები. ხარისხიანი ნედლეული საქართველოში ძნელად იშოვება, პატარა კომპანიები კი ვერ ახდენენ ნედლეულის სტაბილურად იმპორტირებას ფინანსური პრობლემების გამო. მნიშვნელოვანი პრობლემაა კადრების დეფიციტი. კომპანიებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კადრები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მათი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. არის მთავრობის მცდელობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა, ვფიქრობ, ეს საკითხი სწრაფად ვერ მოგვარდება“, - ამბობს ბესიკ ვერძეული.

მისივე ახსნით, ქართული ავეჯის ინდუსტრიამ გადარჩენა არასტანდარტული ავეჯის წარმოებით შეძლო.

„უმეტესად, საქართველოში კლიენტების მოთხოვნა არის არასტანდარტული დიზაინის ავეჯი და აქ საკმაოდ ჩამორჩება იმპორტირებული პროდუქციის შეთავაზება. ამ შემთხვევაში, გარკვეული გამოსავალი არის ადგილობრივი კომპანიებისვის შეკვეთა. ამის ხარჯზე, ქართული კომპანიები გადარჩნენ და ამ მიმართულებით განვითარების კიდევ დიდი რესურსი გვაქვს“, - განმარტავს ავეჯის კლასტერის გამგეობის თავმჯდომარე.

მისივე თქმით, სათანადო ხელშეწყობის, კერძოდ, პროფესიული სასწავლებლების გახსნის, ფინანსებზე წვდომის გამარტივების შემთხვევაში, ქართული ავეჯის ინდუსტრიას აქვს რესურსი, რომ წარმატებულ დარგად ჩამოყალიბდეს და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

ცნობისთვის, საქართველოში, ამ ეტაპზე, ყველა ტიპის ავეჯი იწარმოება, თუმცა, არ მზადდება ავეჯის კომპონენტები. ბესიკ ვერძეული ფიქრობს, რომ კომპანიები სწორედ ამ მიმართულებით უნდა ორიენტირდნენ.

Businesspartner