ბიზნესი
10/12/2021

Elven Technologies-ი მეხანძრის ცეცხლგაუმტარი უნიფორმის წარმოების ლიცენზიას ამერიკაში გაყიდის

საქართველოში შექმნილი მეხანძრის ცეცხლგაუმტარი უნიფორმა ამერიკის ბაზარზე, შესაძლოა, მინიმუმ 5 000 დოლარად გაიყიდოს. პროექტს Elven Technologies-ი ახორციელებს.

კომპანიის თანამდამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს 2 უნიფორმის (ამერიკულ ბაზარზე გათვლილი სრულიად ცეცხლგაუმტარი და შედარებით მსუბუქი, არაცეცხლგაუმტარი უნიფორმა) ლაბორატორიული, საველე ტესტირება, რომელიც 2022 წლის ბოლოს დასრულდება. 

ხერხეულიძის ინფორმაციით, საჭიროა პროდუქტის დაპატენტება და ლიცენზირებაც.

„გააჩნია რომელ ბაზარზე გადიხარ, ლიცენზიაც იმ ქვეყნიდან უნდა გქონდეს. არსებობს ამერიკული და ევროპული ლიცენზია, საქართველოში ორივე ჭრის, თუმცა, მისი აღება საკმაოდ რთულია. პროდუქტის დაპატენტებასა და ლიცენზიის აღებას თითო-თითო წელი სჭირდება. ასევე, ლიცენზიის აღება საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული,“ - აცხადებს ხერხეულიძე. 

Elven Technologies-ის თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ ახლა Elven Technologies-ის მთავარი ბიზნეს მოდელი ლიცენზიის გაყიდვაა. 

მისი განცხადებით, ეს ბიზნეს მოდელი ნაკლებრისკიანი და სწრაფი კომერციალიზაციის საშუალებას იძლევა. 

რამდენად გაიყიდება ამერიკულ ბაზარზე ქართული ინოვაციური ტექნოლოგიით წარმოებული მეხანძრის უნიფორმა, ხერხეულიძე განმარტავს, რომ ზოგადად, ამერიკის ბაზარზე 1 მეხანძრის ეკიპირება 4000-5000 დოლარი ჯდება. 

„საქართველოს ბაზარი ჩვენი შექმნილი პროდუქტით არ ინტერესდება რადგან საშუალო კლასის უნიფორმები აცვიათ და ფასში არარეალური სხვაობაა. ჩვენი მეხანძრეების ეკიპირება დაახლოებით 300-500 დოლარი ჯდება,“ - აცხადებს ხერხეულიძე. 

რაც შეეხება იმას, თუ ლიცენზიის გაყიდვის შედეგად რა ბრენდით გაიყიდება Elven Technologies-ის ტექნოლოგიით დამზადებული ცეცხლგაუმტარი უნიფორმა, ხერხეულიძე აცხადებს, რომ პროდუქტის რეალიზება დიდი ალბათობით ლიცენზიის შემსყიდავი კომპანიის ბრენდის ქვეშ მოხდება. 

ინოვაციური ტექნოლოგიების კომპანია Elven Technologies-ი 2019 წლის გაზაფხულიდან მეხანძრის ცეცხლგამძლე უნიფორმის შექმნაზე მუშაობს, რომელიც აღჭურვილია შიდა გაგრილების სისტემით და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ქართული ხელწერით წარმოებული უნიფორმის ავტორები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შექმნილი კოსტიუმი მეხანძრეს დაცულობის მაღალ გარანტიას აძლევს.

მეხანძრის ცეცხლგაუმტარი უნიფორმა სიკვდილიანობისა და დამწვრობის რისკებს ამცირებს, ამის პარალელურად კი ხანძრის მსხვერპლის გადარჩენის შესაძლებლობებს ზრდის. 

ხერხეულიძის განცხადებით ,კომპანიამ მიაღწია იმ დონეს, როცა ტექნოლოგიურად და ფინანსურად საქართველოს რესურსი ამოწურა. შედეგად, 2022 წლის იანვრიდან Elven Technologies-ი ამერიკაში ახალ კომპანიას დააფუძნებს, რომელიც ინვესტიციების მოზიდვაზე იქნება ორიენტირებული. 

„იმისთვის, რომ ჩვენ ამერიკულ ბაზარზე გაყიდვა დავიწყოთ, გავიდეთ X კომპანიაზე, რომელიც ჩვენგან ლიცენზიას იყიდის, ამისთვის 2-5 მლნ დოლარამდე ინვესტიცია დაგვჭირდება. ასეთი მოცულობის ფინანსების მოზიდვისთვის, იქ უნდა ვიპოვოთ ინვესტორები, რომლებიც ჩვენში ამ ფულს ჩადებენ. ეს რომ მოხდეს, ამერიკული კომპანია უნდა გვქონდეს. ქართულ კომპანიაში ამერიკელი ამხელა ინვესტიციას არ ჩადებს.

იმისთვის, რომ ჩვენ ამერიკაში ლიცენზირების გზას დავადგეთ, ინვესტირება გვჭირდება. იმისთვის რომ GITA-ს 350 000 ლარიანი გრანტი მივიღოთ, 24 დეკემბრამდე 70 000 ლარის ინვესტიცია გვჭირდება,“ - აცხადებს ხერხეულიძე. 

Elven Technologies-ის გუნდს მიღებული აქვს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი და ევროსაბჭოს 30 000 ევროს გრანტი. ასევე, გუნდმა პირველი საინვესტიციო რაუნდი $160 000-ის 2020 წლის ბოლოს დახურა, რომელშიც ცხრა ინვესტორი მონაწილეობდა. მათ შორის იყო Technovate ამერიკული ვენჩურული სტუდიო Silicon Valley-დან. 

ვამეხ ხერხეულიძეს  "პირველი არხის" სატელევიზიო შოუ "შარქ თენქ საქართველოს" მონაწილეა. მეწარმეს   800 000 ლარიანი ინვესტიციის მოპოვება სურდა, თუმცა შარქების დაინტერესება ვერ შეძლო.