ბიზნესი
18/01/2022

ელკომერციის ასოციაცია: ბაზარზე ბევრი არაკეთილსინდისიერი ონლაინ მაღაზია გაჩნდა

საქართველოში ელექტრონული კომერციის ბაზარი მზარდია. ბოლო წლებში კი მომხმარებელს მომსახურების გაწევას არაერთი ონლაინ მაღაზია სთავაზობს.

ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტმა, თამარ გოგოლაშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა, ამ მაღაზიათა ნაწილი არაკეთილსინდისიერია და ზოგჯერ, მომხმარებლისგან თანხის მიღების შემდეგ ბაზრიდან ქრება.

„ბევრი ახალი არაკეთილსინდისიერი ონლაინ მაღაზია გაჩნდა. ბაზარზე ძალიან მარტივი შემოსვლის მექანიზმია. ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია Facebook-ზე დაარეგისტრიროს ვებ-გვერდი და მომხმარებელს საკუთარი მომსახურება შესთავაზოს. ასეთ დროს, თუ მომხმარებელი გამოუცდელია შეიძენს ნივთს, რის შემდეგაც ამ ონლაინ მაღაზიის მფლობელი შეიძლება საერთოდ "აორთქლდეს", მომხმარებელი კი ფულს დაკარგავს. ამ შემთხვევაში მომხმარებლის ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია. ამ ინდუსტრიის ცნობადობა უნდა გაიზარდოს და 2022 წელს ეს ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი იქნება“,- აღნიშნა გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, ამ საკითხში სახელმწიფოს ჩარევა კერძო სექტორისთვის არასასურველია. ასოციაციის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საკითხს დროთა განმავლობაში ბაზარი თავად დაარეგულირებს.

„ეს ბუნებრივი პროცესია მზარდი ბიზნესისთვის. რაც უფრო იზრდება სექტორი, ხიბლი ჩნდება, რომ მეტი მოთამაშე შევიდეს ბაზარზე. თუმცა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კეთისლინდისიერი და ხარისხიანი მაღაზიების ფილტრაცია თავად ხდება“,- განმარტა თამარ გოგოლაშვილმა.

Businesspartner