ბიზნესი
07/04/2022

ექსპორტის სტიმულირება იწყება - პროგრამის დეტალები

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამას იწყებს.

პროგრამა ექსპორტიორი კომპანიების ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს. პროგრამის მიხედვით მასტიმულირებელმა მექანიზმებმა ხელი უნდა შეუწყოს საექსპორტო ბაზრების, პროდუქტებისა და სერვისების დივერსიფიკაციას, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორებისა და პროდუქტების იდენტიფიცირებას და საერთაშორისო გაყიდვების წახალისებას.

ტექნიკური დახმარების კომპონენტი გავრცელდება შემდეგ მიმართულებებზე: პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება; ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა; საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება/ საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლა.

პროგრამა 10-მდე სამიზნე სექტორს მოიცავს, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქტები (გარდა ღვინისა), ტანსაცმელი, ტყავი და ტყავის ნაწარმი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, მზა კვების წარმოება შინაური ცხოველებისთვის, ვეტერინარული პროდუქტები, ავეჯის წარმოება, ძვირფასეულობა და მასთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება, შესაფუთი მასალები.

სააგენტოს თანადაფინანსების პირობები შემდეგნაირად განისაზღვრება:

ლიცენზირება და სერტიფიცირება - არაუმეტეს 10 000 ევრო
ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა - არაუმეტეს 20 000 ლარი
საერთაშორისო ქსელში შესვლა - არაუმეტეს 10 000 ევრო

ექსპორტის სტიმულირების პროგრამა განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა იმპლემენტაცია იმერეთში, კახეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მოხდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა გააგზავნონ ექსპორტიორთა პლატფორმაზე 7 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით.