ბიზნესი
30/12/2021

ექსპორტიორები ქუთაისის აეროპორტში სატვირთო ტერმინალს ითხოვენ

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო ტერმინალის არარსებობის პრობლემაზე საუბრობენ. როგორც „ბიზნესპარტნინორის“ ეთერში საკონსულტაციო კომპანია „აგრითაჩის“ დამფუძნებელმა ეკატერინე ვეფხვაძემ განაცხადა, ფერმერებისა და ექსპორტიორებისთვის ქუთაისის აეროპორტის პოტენციალი გამოუყენებელია.

მისი თქმით, ეს განსაკუთრებით პრობლემურია იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის მალფუჭებადი პროდუქტების ექსპორტიორები დროსა და რესურსს კარგავენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე ტრანსპორტირებაში.

„წარმოიდგინეთ, გურიიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან საექსპორტო მოცვი ჩაგვაქვს თბილისში. დაახლოებით 5-6 საათს ვკარგავთ, როდესაც 4 საათშია შესაძლებელი, რომ თაროზე იდოს პროდუქტი. ამ საკითხზე მუდმივადაა საუბარი და სულ ისმის, რომ უნდა გაკეთდეს აეროპორტში ტერმინალი სატვირთო გადაზიდვებისთვის,“ - აცხადებს ეკატერინე ვეფხვაძე.

მისივე თქმით, პროდუქციის ტრანსპორტირება შეზღუდულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც, რადგანაც ტვირთი სამგზავრო თვითმფრინავებით, მგზავრების ბარგთან ერთად გადააქვთ. ამ გზით ტვირთის გაგზავნის მაქსიმალური მოცულობა 2 ტონაა.

 

Businesspartner