ბიზნესი
13/12/2021

ეკონომიკის აღდგენამ ნავთობპროდუქტების იმპორტი გაზარდა

ეკონომიკის აღდგენის ტემპმა ნავთობპროდუქტების იმპორტზეც იმოქმედა.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, საწვავზე არსებული რეკორდულად მაღალი ფასების მიუხედავად ნავთობპროდუქტებზე მოხმარება გაზრდილია, რაც ასოციაციის განმარტებით, პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ზრდის პოზიტიურ პროცესთან.

"აღსანიშნავია, რომ დიზელის იმპორტის სტატისტიკა აჩვენებს დადებით ტენდენციას, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში აღურიცხავი პროდუქციის შემოდინების შემცირებასთან, რაც უკავშირდება ადმინისტრირების გამკაცრებას", - განმარტავენ ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი წლიურად 3.7%-ით გაიზარდა, 1042,3 ათასი ტონამდე. მაჩვენებელი 5%-ით არის გაზრდილი პანდემიმამდელ, 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებითაც.

ქვეყანაში იმპორტირებულია 537,5 ათასი ტონა (+8,9%) ბენზინის საწვავი, დიზელის საწვავი კი 504,8 ათასი ტონა (-1,2%).

კატეგორიების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 346,3 ათასი ტონა (64,4%);  A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 180,3 ათასი ტონა (33,5%);  A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 10,9 ათასი ტონა (2,0%);

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 229 000 ტონა (იმპორტის 22%). მეორე ადგილზეა რუსეთი 203 ათასი ტონა (19,5%); აზერბაიჯანი - 194,5 ათასი ტონა (18,7%); რუმინეთი - 178,1 ათასი ტონა (17,1%);  ბულგარეთი - 159,6 ათასი ტონა (15,3%); საბერძნეთი - 35,6 ათასი ტონა (3,4%) და სხვ.

კავშირში აღნიშნავენ, რომ 2021 წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი მომწოდებელი გახდა თურქმენეთი, საიდანაც შემოვიდა 156,2 ათასი ტონა ბენზინი, რაც მთელი ბენზინის საწვავის იმპორტის 29,1%-ს შეადგენს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქმენეთიდან იმპორტირებული მთელი ბენზინი მოდის A-91 რეგულარი ტიპის საწვავზე.

Businesspartner