ბიზნესი
09/11/2021

"ეფეს საქართველო" "კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021" გამარჯვებული გახდა


“კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021”–ის ნომინაციაში “პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის” ჯილდო “ეფეს საქართველოს“ გადაეცა.

როგორც კომპანიის კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, როდესაც კომპეტენტური ჟიური ბევრ საინტერესო და ღირებულ პროექტს შორის  გამოგარჩევს.

“კორპორაციული პასუხისმგებლობის ეს ჯილდო ადასტურებს, რომ ჩვენი ბიზნესი არის პროგრესული, რომლის საქმიანობა ეფუძნება მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე - საზოგადოებისთვის. ჩვენ გვეამაყება ამდენი პასუხისმგებლიანი ქართული კომპანიის გვერდით დგომა და ჩვენთვის დიდი პატივია ჯილდოს მიღება,“ - განაცხადა „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.   

“ეფეს საქართველოს“ გამარჯვება კატეგორიაში „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის”  კომპანიის საქმიანობაში მკაფიოდ განსაზღვრულმა პრიორიტეტებმა და შესაბამისმა აქტივობებმა განაპირობა. მნიშვნელოვანია, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, „ეფეს საქართველო“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პარტნიორულ პროექტებს, როგორიცაა “ფონდი ნატახტარი“, ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერა პანდემიის პრიობებში, რადგან კომპანიაში მიაჩნიათ,  რომ სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობა დიდ გავლენას ახდენს პროექტის ეფექტურობაზე. პანდემიის პერიოდში, ასევე მნიშვნელოვანი იყო, ახალგაზრდა ხელოვანებისა და კულტურული ორგანიზაციების/პლატფორმებისა და ასევე ბარმენთა მხარდაჭერა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, USAID-თან და ევროკავშირთან თანამშრომლობით, კონკურსი საქართველოში უკვე მეოთხედ გაიმართა. წლევანდელი ჯილდო კი “ეფეს საქართველოსთვის“ უკვე მეექვსეა, რომელიც კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით ჩატარებულ სხვადასხვა კონკურსში მიიღო.

კონკურსი “კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021”, რომელშიც 50-მდე კომპანია სხვადასხვა CSR პროექტებით მონაწილეობდა, მიზნად ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას ისახავს. გამარჯვებული კომპანიები საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის წევრებმა გამოავლინეს და დააჯილდოვეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში “კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს” გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი, პირველად 2018 წელს გაიმართა. კომპანია “ეფეს სქართველომ” 2018 წელსაც გაიმარჯვა კატეგორიაში “გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი”. 2019 წელს, კატეგორიაში “პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის” “ეფეს საქართველოსა“ და არასამთავრობო ორგანიზაციის “ჩვენი სახლი – საქართველო” პარტნიორული პროექტი “ფონდი ნატახტარი“ საუკეთესოდ დასახელდა. 2020 წელს კი „ეფეს საქართველომ“  კატეგორიაში „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“ გაიმარჯვა.